ილია დარჩიაშვილი მექსიკის საზღვართან საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე – არავინ არის გატაცებული, ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში!

არავინ არ არის გატაცებული! ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში! – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მექსიკაში საქართველოს მოქალაქეების სავარაუდო გატაცებას ეხებოდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს თითოეული კონსული და დიპლომატიური წარმომადგენლობა მზადაა მოქალაქეების ინტერესის დასაცავად.
„პირველ რიგში, თითოეული ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა, ჩვენი თითოეული კონსული, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს, მოვალეა, ვალდებულია და ასრულებს იმ ფუნქციას, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის ინტერესები დაიცვან. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ცალკეული ტელევიზიები საუბრობენ, რომ ქართველები არიან გატაცებულები. თქვენ გარდა ქართველების გატაცებაზე არავინ საუბრობს. ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მაყურებლები შეცდომაში. გეყოთ იმის ძალა და უნარი, რომ როდესაც არასწორ და უსაფუძვლო ინფორმაციას გაავრცელებთ, გამოხვიდეთ და თქვათ – ეს იყო დაუზუსტებელი ინფორმაცია. ამ გატაცების შესახებ არავინ საუბრობს, თქვენ გარდა და მოგიწოდებთ, სიცრუის ტირაჟირებისგან თავი შეიკავოთ! ნუ ატყუებთ საქართველოს მოქალაქეებს, როცა არ გაქვთ ინფორმაცია. ნუ საუბრობთ, ნუ აყენებთ ადამიანებს ისეთ მდგომარეობაში, რომელმაც შეიძლება რაღაც გაურკვეველი პროცესები გამოიწვიოს. არავინ არ არის გატაცებული! თუკი ნებისმიერი ადამიანს, ეს იქნება მექსიკა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დასჭირდება თითოეული ჩვენი დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და გავაგრძელებთ მომავალშიც. მოგიწოდებთ გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი და ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში! ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, მათთან ვმუშაობთ, რომ მათ საჭიროებებზე მოხდეს რეაგირება, ჩვენ ამას გავაკეთებთ მომავალში,“- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან საქართველოს 30-მდე მოქალაქის გატაცება მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

13 იანვრამდე გამოცხადებულ უქმე დღეებში მომსახურების სააგენტო და საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს – მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდებისა და ავტომობილების განბაჟების ვადებმა გადაიწია