ილია დარჩიაშვილი – გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად დაეხმარება ცესკოს არჩევნების წარმატებით ადმინისტრირებაში

გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად დაეხმარება ს წარმატებით ადმინისტრირებაში,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები, რომელიც წელს უნდა გაიმართოს, გამორჩეული იქნება.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია და აქტიური კონსულტაციები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად დაეხმარება ცესკოს არჩევნების ადმინისტრირების წარმატებით განხორციელებაში. სულ ახლახან ჩავატარეთ ჩვენი კონსულების კონფერენცია თბილისში, რომლის ფარგლებშიც ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები, რომელიც უნდა გაიმართოს წელს, ოქტომბერში, იქნება გამორჩეული, მათ შორის ადმინისტრირების თვალსაზრისითაც. ჩვენ გამოვხატავთ სრულ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროცესში შევიტანოთ ჩვენი ღირებული წვლილი,“ – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების რეგისტრაციისა და საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის საკითხზე. მისი თქმით, არსებობს საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის დადგენილი პროცედურა, რა მიმართულებითაც დიპლომატიური წარმომადგენლები მუდმივად მოუწოდებენ მოქალაქეებს, რაც შეეხება საზღვარგარეთ საარჩევნო ოლქების გახსნის საკითხს, მინისტრობის კანდიდატის თქმით, აღნიშნულიც კანონით დადგენილი წესით მოხდება.
„ბევრჯერ დაისვა კითხვები მოქალაქეების რეგისტრაციასთან და უბნებთან დაკავშირებით. მგონია, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაიხსნება კანონით დადგენილი წესით, იმ პროცედურის შესაბამისად, როგორც მანამდე ხდებოდა. საარჩევნო უბნები გაიხსნება კოორდინირებულად ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად, კანონის დადგენილი ვადით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ხმა მისცენ, ამისთვის საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის დადგენილი პროცედურა არსებობს. ჩვენ, თითოეული დიპლომატი, მაქსიმალურად და ინტენსიურად ვიმუშავებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები დადგნენ აღრიცხვაზე და გამოხატონ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის გაუგებარია ეს პოლიტიკური სპეკულაციები. არა მგონია, რომ რაიმე პოლიტიკური ქულები მოიტანოს. ჩვენ კანონით დადგენილი წესით ვმოქმედებთ“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, როლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია