საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს, საქართველოს ბანკი საერთაშორისო კონკურსზე ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდის სპონსორია.
ილიაუნის სამართლის სკოლის გუნდმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესზე, ეროვნულ რაუნდში გაიმარჯვა. ახლა კი საერთაშორისო რაუნდში იღებენ მონაწილეობას, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში 30 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით იმართება. ფინალში საქართველოს წარადგენენ: ქეთევან ბეჟანიშვილი, მარიამ ტაგანაშვილი, მარიამ ბიბილაური, მარიამ სხვიტარიძე.
ჯესაპის კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კონკურსია საერთაშორისო სამართალში, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი სამართლის სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობს.
კონკურსის ფორმატი და შინაარსი მრავალფეროვანია. ის მოიცავს როგორც წერილობით ნაშრომებზე მუშაობას, ისე ზეპირ გამოსვლებს იმიტირებულ პროცესებზე.
აღსანიშნავია, რომ გუნდს მენტორობას საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, თინათინ გოლეთიანი უწევს, რომელსაც აკადემიური სწავლების 10-წლიანი, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.
,,ეროვნულ რაუნდებში გამარჯვება, რასაკვირველია, დიდ შრომასა და ძალისხმევას საჭიროებს. კონკურსის სპეციფიკა თითოეული სამართლებრივი საკითხის დეტალურ ანალიზს მოითხოვს. გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა პროფესიული განვითარების მოტივაციამ, ვინაიდან ჯესაპის კონკურსი სტუდენტებს ინტენსიური მუშაობის შედეგად განვითარებისა და პროფესიული თუ პიროვნული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისკენ უბიძგებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ისტორიაში ეს პირველი გამარჯვებაა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესის ეროვნულ ეტაპზე საქართველოში. კომპლექსურ კაზუსზე 6-თვიანი მუშაობის შედეგად, შესაძლებლობა მოგვეცა, რომ განგვევითარებინა აკადემიური წერის, სამართლებრივი ანალიზისა და სასამართლოს წინაშე ზეპირი გამოსვლის უნარები.“ – აღნიშნავს თინათინ გოლეთიანი.
ამბობს, რომ საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობა როგორც ქვეყნისთვის, ისე გუნდის მონაწილეების კარიერული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
,,საქართველოს ბანკის ჩართულობამ ჩვენი მიზნების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. საქართველოს სახელით აშშ-ში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას საქართველოს ბანკის თანადაფინანსების გარეშე ვერ შევძლებდით, რაც კიდევ უფრო გვაძლევს მოტივაციას, რომ პროფესიული წინსვლის გზაზე მეტი თვითრწმენით, ენთუზიაზმითა და შემართებით ვიასპარეზოთ საერთაშორისო კონკურსზე“ – განმარტავს თინათინ გოლეთიანი.
საქართველოს ბანკის ხედვით, განათლება უკეთესი მომავლის შექმნას განაპირობებს. შესაბამისად, ბანკის გუნდი აქტიურად მუშაობს, რათა შექმნას შესაძლებლობები იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი 15 პარტნიორ უნივერსიტეტში სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს CSR.BOG.GE