ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ქართული ოცნების განათლების ე.წ. რეფორმის გაწვევას ითხოვენ. ამის შესახებ მათ უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე განაცხადეს.
სტუდენტები ასევე მოუწოდებენ პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა შესაძლო ხერხით გააპროტესტონ პროგრამების გაუქმების საკითხი.
ამასთან, სტუდენტებმა კვირას, 15 თებერვალს დედაენის ბაღში, 15:00 საათზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.
“დღეს ქართულმა ოცნებამ კვლავ გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს პროგრამების უმრავლესობა, მათ შორის ილიაუნსაც, რაც ფაქტობრივად, ყველა მათგანის დახურვას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით საფრთხე ემუქრება უნივერსიტეტების ღირებულებას, იდენტობას, ილიასეულ თავისუფლებისადმი სწრფავის იდეას, რომელიც დღეს ათასობით კურსდამთავრებულს აერთიანებს.
აქ შეკრებილი სტუდენტები ერთხმად ვითხოვთ ე.წ. რეფორმის გაწვევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის ხელშეუხებლობასა და სრულფასოვანი განათლების უფლებას. ასევე მოვუწოდებთ ყველა სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიურ პერსონალს დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობისაკენ. არ შეცვალოთ არსებული კურუკულუმები, ყველა შესაძლო ხერხით გააპროტესტეთ პროგრამების გაუქმების საკითხი.
სტუდენტებო, ჩვენ ვართ გვერდიგვერდ, ჩვენს უკან კი არიან ჩვენი ოჯახები, მშობლები და საქართველოს წარსული. ჩვენ პირველ რიგში ვართ მოქალაქეები და შემდეგ სტუდენტები, შესაბამისად, ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას სამშობლოს, ისტორიისა და მომავლის წინაშე, ამიტომ, კვირას, 15:00 საათზე ვიკრიბებით დედაენის ბაღში, დედაენის მონუმენტთან, რომელიც გვახსენებს სტუდენტების წინააღმდეგობის ძალასა და ერთობას.
ძალა სტუდენტების ერთობაშია! დამხობა რეჟიმს! თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!”, – აცხადებენ სტუდენტები.




