ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება

8-15 ნოემბერს ილიაუნიში ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება.
ილიაუნი კვირეულის განრიგს ავრცელებს.
„1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა ილია ჭავჭავაძე. „ყმაწვილ-კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება.“
8-15 ნოემბერს ილიაუნი გიწვევთ ილიას კვირეულზე „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“.
8 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ილიას კვირეულის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია „ილია: საქართველოს ევროპული პროექტი“.
მომხსენებლები: ბელა წიფურია, გია ნოდია, ნინო დობორჯგინიძე, გიგა ზედანია, ნუკა ღამბაშიძე, სერგო რატიანი; მოდერატორი − ივა ლომიძე
8 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში ილიას კვირეულის „ილია: საქართველოს ევროპული პროექტი“ ფარგლებში გიწვევთ გამოფენის გახსნაზე.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული გაზეთები „დროება“ (1880-1884 წწ.) და „ივერია“ (1889-1901წწ.).
ილიას თხზულებათა რარიტეტულ ექსპონატებს შორის დამთვალიერებელი ნახავს მწერლის მიერ თარგმნილ რომანს, ბუვიეს „იზას“, ასევე მის სიცოცხლეშივე, 1869 წელს, გამოცემულ მოთხრობას „კაცია-ადამიანი?!“.
ორივე ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
14 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება ილიას კვირეულის „ილია: საქართველოს ევროპული პროექტი“ ფარგლებში იწვევს ილიაუნის სტუდენტებს საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამაში „ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ“ მონაწილეობის მისაღებად.
სტუდენტები იმოგზაურებენ მე-19 საუკუნის საქართველოსა და ქართულ ლიტერატურაში. თამაშის დაწყებამდე მათთვის მოეწყობა მუზეუმის ტური.
დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, 10 ნოემბრამდე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/WiGaJEtxcC4DWgeg8
შენიშვნა: პროგრამაში მონაწილეობას შეძლებს პირველი 30 დარეგისტრირებული სტუდენტი.
15 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას კვირეულის „ილია: საქართველოს ევროპული პროექტი“ ფარგლებში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული შოუ „წიგნების თარო“ ილიაუნის სტუდენტებს იწვევს თამაშში მონაწილეობის მისაღებად.
„წიგნების თაროს“ მონაწილენი შეეცდებიან უპასუხონ ტრადიციული ფორმატის კითხვებს. სწორი პასუხის ავტორებს „წიგნების თარო“ და ილიაუნი პრიზებით დააჯილდოებენ.
თამაშს პროექტის წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება.
დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, 12 ნოემბრამდე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/GGgzAC3AQuwTmxbi9 “,- ნათქვამი ინფორმაციაში.