ცვლილებები საარჩევნო კოდექსში – ახალი წესები საარჩევნო უბანზე გადაღებისა და ფიქსირების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ამცირებს: ხმის ჩაწერა სრულად იკრძალება, ინტერვიუს ჩაწერა შენობაში საერთოდ აღარ იქნება შესაძლებელი, ხოლო მედია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში შეძლებს მუშაობას.
ამასთან, “ოცნების” წევრის კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, არჩილ გორდულაძის თქმით, ფოტო-ვიდეოგადაღება დაიშვება მხოლოდ იმ პირობებში, თუ ეს პროცესს არ შეუშლის ხელს და არ შეეხება საჯარო მონაცემებს, თუმცა, ამას ვინ გააკონტროლებს და რამდენად ობიექტურად – უცნობია. ვისაც აქვს სურვილი, რომ დააყენოს კამერა სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რა თქმა უნდა, დააყენებს კამერას. შეეძლება, რომ სრულად გადაიღოს საარჩევნო უბანზე მიმდინარე პროცესი ისე, რომ არჩევნებში პირთა მონაწილეობას ხელი არ შეუშალოს. ამავდროულად, ხმის ჩაწერა არ იქნება შესაძლებელი იმიტომ, რომ ეს შეიძლება, არღვევდეს პირის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვითაც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დარღვევა ან ზოგადად, პერსონალური მონაცემების დარღევა შეიძლება, მოხდეს, როდესაც ხდება ხმის ჩაწერა. რაც შეეხება ჟურნალისტებს, ჟურნალისტებს სპეციალურად გამოყოფილი ადგილი აქვთ. სრულად გადაღება აქამდეც არ იყო შესაძლებელი და არც ინტერვიუების ჩაწერა საარჩევნო უბანზე არ იყო გათვალისწინებული მოქმედი საარჩევნო კოდექსითაც. შესაბამისად, ჟურნალისტებს თუ აქვთ სურვილი, რომ კადრები აიღონ, შეუძლიათ დადგნენ, კადრები აიღონ, ხოლო თუ ინტერვიუს ჩაწერის სურვილი ააქვთ, კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ საარჩევნო უბნის გარეთ, – ამბობს გორდულაძე.
ბოლო ცვლილებებით, „ქართული ოცნების“ ინიციატივებში შედის რიგი შეზღუდვები, რომლებიც გავლენას ახდენს მოქალაქეების მონაწილეობაზე საარჩევნო პროცესში. მათ შორის:
· საარჩევნო კომისიის წევრად ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ერთხელ მაინც დაჯარიმებულია გზის გადაკეტვის ან პროტესტის სხვა ფორმაში მონაწილეობის გამო.
· ასევე ვერ დანიშნავენ პირს, რომელსაც საპროცესო ან სისხლის სამართლის მსჯავრი აქვს.
· იზღუდება საარჩევნო უბანზე აუდიოჩაწერა და ვიდეოგადაღება.
· საარჩევნო უბნიდან ერთხელ გაძევებულ პირს მომავალში პროცესში მონაწილეობა ეკრძალება.
ახალი ცვლილება აწესებს ფოტოდან და ვიდეოდან დაკავშირებულ დამატებით წესებსაც:
· “კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს (გარდა კენჭისყრის კაბინისა), ასევე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს შეუძლია ფოტო-ვიდეოგადაღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ უშლის ხელს საარჩევნო პროცესს ან კომისიის მუშაობას და არ ახორციელებს აუდიომონიტორინგს. აკრძალულია ისეთი ინფორმაციის გადაღება ან დამუშავება, რომელიც ამ კანონის მიხედვით, საჯარო არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი პირდაპირ ითვალისწინებს გადაღების უფლებას. კენჭისყრის ფარულობის დასაცავად კენჭისყრის კაბინაში გადაღება მკაცრად აკრძალულია”.
ანონპროექტის ავტორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
კანონპროექტის ინიციატორი: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მე-15 ცვლილებაა საარჩევნო კოდექსში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.



