„ითხოვენ სისტემატურ მიწოდებას, თუმცა საქართველოში თაფლის დეფიციტია შექმნილი“- სექტორში მიზეზებზე საუბრობენ

2023 წლის იანვარი-დეკემბრის მონაცემებით, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თაფლის ექსპორტი 57,2%-ითაა შემცირებული.
ბოლო წლების ზრდის შემდეგ რა გახდა 2023 წელს თაფლის ექსპორტის შემცირების მიზეზი. საკითხთან დაკავშირებით „კომერსანტი“„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების” აღმასრულებელ დირექტორს, ალეკო პაპავას დაუკავშირდა.
ალეკო პაპავა ექსპორტის შემცირების მიზეზად უამინდობას ასახელებს.
„მიზეზი ერთია – უამინდობა. ევროკავშირში ძირითადად გაგვაქვს აკაციის თაფლი. აკაციის და წაბლის ყვავილობის სეზონებზე კი უამინდობა (წვიმიანი სეზონი) დაემთხვა და ვერ მოხერხდა იმ რაოდენობით თაფლის მიღება, რაც საჭირო იყო. დანარჩენი, ჩვეულებისამებრ, ევროკავშირში ექსპორტი გრძელდება. 2023-ში ექსპორტირებული 110 ტონიდან, დაახლოებით 70% ევროპის ქვეყნებში გავიდა”.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში თაფლის ანტიბიოტიკებით დაბინძურების მაჩვენებელიც შემცირებულია.
„ანტიბიოტიკებით დანაგვიანება ძველი, წარსულის მანკიერი მხრიდან მოდის, არასწორი სწავლების და ინფორმაციის გაცემის შედეგი იყო. „მეფუტკრეთა გაერთიანების” მუშაობით და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით, 2021 წლის ბოლოსთვის დანაგვიანება დაახლოებით 6 % იყო. ახლა, დაბინძურების მაჩვენებელი მინიმუმამდეა შემცირებული. 2023 წლის მონაცემები ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუმცა როგორც მონაცემებიდან ირკვევა, მინიმალურია“.
ალეკო პაპავამ სექტორში არსებულ ზოგად ვითარებაზეც ისაუბრა, ასევე იმ მოლოდინებზე რაც ევროკავშირთან და ახალ საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებით არსებობს.
„ბოლო პერიოდში, ახალი საექსპორტო ბაზარი გაჩნდა რამდენიმე მიმართულებით. ევროკავშირიდან- ჩეხეთი და პოლონეთი. ასევე დიდია დაინტერესება აზიური ქვეყნებიდანაც.
მოთხოვნა გაიზარდა -დან და კანადიდანაც. ისინი ითხოვენ სისტემატურ მიწოდებას, თუმცა საქართველოში სამწუხაროდ თაფლის დეფიციტია შექმნილი. შიდა ბაზარზეც მოთხოვნა გაზრდილია და მეფუტკრეებს ფაქტობრივად მარაგები აღარ აქვთ.
ვერ ვაკმაყოფილებთ ევროკავშირის მოთხოვნასაც. არ გვაქვს იმ რაოდენობის თაფლი (ვგულისხმობ აკაციის და წაბლის სახეობას) რომ დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის მოთხოვნა. ასევე, ვერ ვაკმაყოფილებთ ჯარას თაფლის (ბიოსერტიფიცირებული თაფლი) მოთხოვნას. საქართველოში ჯარას თაფლი მხოლოდ სამ ტონამდე იწარმოება და სამივე ტონა ექსპორტზე გადის იაპონიაში“.- განაცხადა ალეკო პაპავამ.