სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებულ საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
იზორია ჟურნალისტებთან საუბრისას ამტკიცებს, რომ იგი საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა და მან ეს მხოლოდ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ, მედია საშუალებებით გაიგო.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომებსა და უსაფრთხოების საბჭოზე არ განხილულა.
“ძირითადი კითხვა მდგომარეობდა იმაში, ვიყავი თუ არა ინფორმირებული ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, ჩემი პასუხი იყო, რომ მე ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნდა, არც არაოფიციალური პირადი კომუნიკაციის ფარგლებში და მით უფრო, არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში, იქნებოდა ეს მთავრობის სხდომა, თუ განსაკუთრებით, უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში, ასეთი განხილვა არ ყოფილა.
2019 წელს, აპრილში ჩამოყალიბდა უსაფრთხოების ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოების ანალიზზე, პრობლემების ანალიზზე, პოლიტიკის დაგეგმვაზე, რომ შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდოს მაღალი პოლიტიკური თანამდებების პირებს. მეც მქონდა პატივი, რომ ამ ორგანოს შექმნის პირველივე დღიდან, როგორც თავდაცვის მინისტრი ვყოფილიყავი მუდმივმოქმედი წევრი და იცით, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს ამ საბჭოს სამ თვეში ერთხელ მაინც შეკრებას, მით უფრო, რომ მის მუდმივ წევრს აქვს უფლებამოსილება თავისი ინიციატივით მიმართოს პრემიერმინისტრს და ჩაატაროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. თუმცა მახსენდება მხოლოდ 1 სხდომა, ეს იყო 2019 წლის 1-ელ მაისს, რომელიც მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხებს შეეხებოდა, რადგანაც საბჭო ახალი შექმნილი იყო. ხოლო, თემაზე, რომელიც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნის უსაფრთხოებას, პრემიერ-მინისტრი უნდა ყოფილიყო ინფორმირებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სუს-ი. სხდომა არ ჩატარებულა. მე ეს ამბავი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, მასმედიის საშუალებით გავიგე, მაშინ, როცა საგუშაგო უკვე განთავსებული იყო”, – განაცხადა იზორიამ.
საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იზორია ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას აკისრებს. იგი ამბობს, რომ გახარიას “უსაფრთხოების საბჭოს ფორმატი უნდა გამოეყენებინა.”
“სამწუხაროდ, მივიღეთ ცუდი შედეგი, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები მისი ტერიტორიული მთლიანობა, მით უფრო, ასეთი ოკუპაციის პირობებში, არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ბუნებრივია, როდესაც მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვიღებთ სავალალო შედეგებს ტეირტრიების დაკარგვასთან დაკავშირებით, ყოვლად სამწუხარო ფაქტია.
მთავარი პასუხისმგებელი თემაზე არის, ის ვინც გადაწყვეტილებას იღებს და მით უფრო, ამ გადაწყვეტილების მიმღები ხდება პრემიერმინისტრი, რა ინიციატივა სჭირდება, ინიციატივის ავტორი თვითონ არის და თვითონ არის პასუხიმგებელი. მას როგორც პასუხისმგებლიანს ეს ფორმატი, როგორიც არის, უსაფრთხოების საბჭო უნდა გამოეყენებინა. გახარიას მარჩიალობაზე და მის მკითხაობაზე ხომ არ ვიქნებით დამოკიდებული, ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, როდესაც ვხედავთ საფრთხეს და რაღაც გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, იმ ფორმატებში უნდა მოხდეს ამის განხილვა, რა ფორმატებსაც კონსტიტუცია და კანონი ითვლისწინებს”, – თქვა მან.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხნენ: ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვანო მაჭავარიანი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი.
***
2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა, რის შემდეგაც, მოძრაობა ძალა ერთობაშია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების გადმოსვლის შესახებ იუწყებოდა.
იმავე კვირების განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ძალებმა მათ მიერვე დადგენილი საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები განათავსეს.
ქართული ოცნება ამას იმ დროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ედავება და ბრალს სდებს, რომ მან თვითონებურად გახსნა ჩორჩანაში საგუშაგო, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია.
ქართული ოცნება ამ საკითხს ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატის თეა წულუკიანის მიერ შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისიის ფორმატშიც სწავლობს.
პროკურატურის თანახმად, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს შემდეგ ფაქტებზე:
· დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა
· უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება
· საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება
პროკურატურა აცხადებს, რომ შესწავლის საგანს წარმოადგენს “2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება”.
