რუსეთის თავდასხმის შედეგად, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკივის რეგიონში, იზიუმში, ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 55 დაშავდა, ნაწილობრივ განადგურდა ქალაქის საბჭოს შენობა, – აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები.
ხარკივის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბოვმა „ტელეგრამის“ პლატფორმაზე დაწერა, რომ ქალაქის ცენტრალურ რაიონში რუსული ბალისტიკური რაკეტა ქალაქის საბჭოს შენობას დაეცა. მისი თქმით, დაშავებულთა შორის სამი ბავშვია, ასევე მრავალი ადგილობრივი მთავრობისა და სოციალური სამსახურის თანამშრომელი.
ვიტალია კლიუჩანოვიჩმა „როიტერთან“ საუბარში თქვა, რომ ორ ქალ ნათესავს ეძებდა, 18 და 19 წლის გოგონებს, რომლებიც საპასპორტო სამსახურში დოკუმენტების ასაღებად იყვნენ მისულნი. სინეგუბოვმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ორივე ქალი, მათ შორის ერთ-ერთი ორსული, გარდაცვლილთა შორის იპოვეს.
„ამ სისასტიკის მოთმენა შეუძლებელია. რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლა უნდა განხორციელდეს – სამხედრო ძალის, სანქციებისა და დიპლომატიის მეშვეობით – რათა ეს ტერორი შეჩერდეს და მათი სიცოცხლე დავიცვათ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.
ცოტა ხნის წინ განახლებული ქალაქის საბჭოს შენობის ერთი ნაწილი დაბომბვის გამო სრულად ჩამოინგრა.
სინეგუბოვის თქმით, ამ ტერიტორიაზე არავითარი სამხედრო ობიექტი არ იყო განთავსებული. იერიშის შედეგად კიდევ ერთი ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა, ასევე დაზარალდა საცხოვრებელი კორპუსები მეზობელ უბნებში.
ოლენა ბესპალა, ბავშვთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი, სამსახურში იმყოფებოდა თავდასხმის დროს. „საჰაერო განგაშის სიგნალი მხოლოდ დარტყმის მომენტში ჩაირთო. და შემდეგ, ზუსტად ერთ წამში, ძლიერი აფეთქება მოხდა… ყველგან კვამლი იყო, ყველაფერი დაინგრა,“ – განაცხადა მან.
ბალისტიკური რაკეტები უკრაინის რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში მხოლოდ რამდენიმე წუთში აღწევს სამიზნეს, როგორც კი მათი გაშვება დაფიქსირდება.
იზიუმი ომის დაწყებისთანავე რუსეთის ძალების მიერ იქნა ოკუპირებული. ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ მასობრივი სამარხები აღმოაჩინა და რუსეთს სამხედრო დანაშაულებში დასდო ბრალი, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს.