ივნისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი დღეში 2%-ით გაიზარდა – როგორია წლიური მაჩვენებელი

ივნისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი დღეში 2%-ით გაიზარდა – როგორია წლიური მაჩვენებელი
2025 წლის ივნისში მაისთან შედარებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ნავთობის ექსპორტი დღეში 10 000 ბარელით, ანუ 2%-ით გაიზარდა და 578 000 ბარელს მიაღწია. თუმცა მიუხედავად ამისა, ეს 2024 წლის ივნისის მაჩვენებელზე 66 000 ბარელით, ანუ 10%-ით ნაკლებია.
ამის შესახებ OPEC-ის ყოველთვიურ ანგარიშში წერია, რასაც Report ავრცელებს.
ამასთან, აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, იანვარ-ივნისში ბთჯ-ის ნავთობსადენით 13.924.9 მლნ ტონა ნავთობი იქნა ტრანსპორტირებული, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.7%-ით ნაკლებია.
მთლიანი მოცულობიდან საანგარიშო პერიოდში ბთჯ-ის საექსპორტო მილსადენით ტრანსპორტირების 75.2% შესრულდა. გადაზიდული ნავთობის 83.2%, ანუ 11.587.3 მლნ ტონა აზერბაიჯანში წარმოებული ნავთობი, ხოლო 16.8%, ანუ 2. 337.6 მლნ ტონა თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებული ნავთობი იყო.
ამ პერიოდში ბთჯ-ის მილსადენით ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობა 1.6%-ით, ხოლო თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტის მოცულობა 13.2%-ით შემცირდა.
ბთჯ-ის მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვებიდან, ანუ 2006 წლის ივნისიდან მიმდინარე წლის 1 ივლისამდე მისი მეშვეობით 612.2 მლნ ტონა ნავთობი იქნა ტრანსპორტირებული. ამ მოცულობის 88% აზერბაიჯანული ნავთობია.
ცნობისთვის: ბთჯ-ის მილსადენი, ძირითადად, აზერის, ჩირაგისა და ღრმაწყლოვან გიუნეშლის (Azeri-Chirag-Gunashli – ACG) საბადოებიდან ნავთობის, ხოლო შაჰდენიზის საბადოდან კონდენსატის ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი. ამასთან, ბთჯ-ის მილსადენით კასპიის რეგიონის ქვეყნებიდან, კერძოდ, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან ნავთობისა და კონდენსატის, ასევე, SOCAR-ის მიერ აზერბაიჯანში წარმოებული ნავთობის ტრანსპორტირება ხდება.
ACG-ის საბადოების განვითარების ხელშეკრულება 1994 წელს გაფორმდა. მისი მოქმედების ვადა 2024 წელს უნდა ამოწურულიყო, თუმცა 2017 წლის სექტემბერში ახალი კონტრაქტი 2050 წლამდე ვადით გაფორმდა.
ბთჯ-ის მილსადენის მთლიანი სიგრძე 1.768 კილომეტრია, რომელიც ნავთობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თურქეთის პორტ ჯეიჰანს ტანკერებით შემდგომი გადაზიდვისთვის აწვდის. მილსადენის სიმძლავრე დღეში 1.2 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტის საშუალებას იძლევა. პროექტის თანახმად, მილსადენის სიმძლავრის გაზრდა დღეში 2.2 მლნ ბარელამდე არის შესაძლებელი.
ბთჯ-ის ნავთობსადენის ოპერატორი კომპანია BTC Co-ს აქციონერები არიან: BP plc (30.1%), SOCAR (32.96%), MOL (8.9%), TPAO (6.53%), Eni და TotalEnergies (სათითაოდ 5%), Itochu (3.4%), ExxonMobil და Inpex (სათითაოდ 2,5%) და ONGC Videsh (3,11%).
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
bpn.ge