ბორჯომში მდებარე ტურისტული ობიექტის „ძველი ბორჯომის“ დირექტორი, სოფიო კიკაძე ზაფხულის ტურისტულ სეზონს ნეგატიურად აფასებს.
როგორც მან BM.GE-ს განუცხადა, სასტუმროში არსებული სიტუაცია უპრეცედენტოა და მსგავსი მოთხოვნის კლება ივლისის თვეში აქამდე არ დაფიქსირებულა.
„ახლა ჩვენი ჯავშნები გაყინულია. ძალიან ცოტა ხალხია და გაურკვეველი სიტუაციაა. ივლისში ასეთი მდგომარეობა არ ყოფილა, რომ ჯავშნები არ გვქონოდა. ჩათვალეთ, რომ მთელი თვის განმავლობაში 10 ჯავშანი მაქვს. ეს არაფერი არ არის.
სასტუმროში ორადგილიანი ნომრის ღირებულება საუზმით სეზონის პერიოდში 190 ლარს შეადგენს, ხოლო არასეზონზე – დაახლოებით 150 ლარს“, – აცხადებს კიკაძე.
მისი თქმით, ტურისტული სეგმენტი და ქცევა მნიშვნელოვნად შეცვლილია. თუ წარსულში წინასწარ ჯავშნები ერთი წლით ან ნახევარი წლით ადრე კეთდებოდა, ახლა სტუმრები თითქმის ბოლო მომენტში იღებენ გადაწყვეტილებას.
„დაჯავშნის სისტემა მთლიანად შეიცვალა. წინასწარ აღარ აკეთებენ ჯავშნებს. ჯავშნიან თუ არა, ეგრევე შემოდიან. ყველაზე დიდი 1 თვიანი თადარიგი აიღონ“, – განმარტავს სოფიო კიკაძე.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე თვის ჯავშნებში ჭარბობენ სტუმრები თურქეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან და არაბული ქვეყნებიდან. თვის ბოლოს ასევე ტურისტებს ელოდებიან ისრაელიდანაც.
ინფორმაციისთვის, სასტუმრო „ძველი ბორჯომი“ 2018 წელს გაიხსნა და ჯამში 60 სტუმრის მიღება შეუძლია. როგორც ობიექტის დირექტორი ამბობს, წლების განმავლობაში მათი მთავარი სტუმრები ევროპელი ტურისტები იყვნენ – ძირითადად საფრანგეთიდან და გერმანიიდან, ხოლო ქართველი დამსვენებლების რაოდენობა მინიმალური იყო.
