ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე $293 მილიონის გარიგებები დაიდო – Colliers Georgia- BM.ge
ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე 293 მლნ დოლარის გარიგებები დაიდო, რითაც ბაზრის ზომა წლიურად 22%-იან ზრდას აჩვენებს. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის უახლესი მონაცემები Colliers Georgia-მ გამოაქვეყნა.
კომპანიის ინფორმაციით, გასულ თვეში თბილისში, საცხოვრებელი ბინების ყიდვა/გაყიდვის 3 713 გარიგება შედგა, რაც წლიურად 4%-იანი ზრდაა. 2025 წლის ივლისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით მხოლოდ 1.5%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 11.8%-ით შემცირდა, მეორეულ ბაზარზე კი 24.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ძველ პროექტებში ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებელია – 11.7%.
Colliers Georgia მიუთითებს, რომ ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები 2025 წლის ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივლისთან შედარებით 23.8%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 14.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 13.3%-ით მოიმატა.
ანალიზი აჩვენებს, რომ ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის ივლისში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 5.9%-ით გაიზარდა.
2025 წლის ივლისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივლისთან შედარებით 11%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 7.9%-ით – ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 4.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
BM.ge
