ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების და სანიაღვრე ქსელების მოწყობა დასრულდა

ივერთუბნის დასახლებაში, სადაც წყალარინების ქსელები არ არსებობდა და ადგილობრივები წლების განმავლობაში დახმარებას ითხოვდნენ, აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულება გრძელდება და წყალარინების ქსელის მოწყობის შემდეგ ივერთუბნის დასახლებაში ამჟამად საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.
„ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წლების განმავლობაში პრობლემა იყო, არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციები იქ არ არსებობდა. შესაბამისად, ჩვენ 2022 წელს დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომლის შედეგადაც ეტაპობრივად ხდებოდა ყველა მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგება. კერძოდ, 2022 წელს წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა განხორციელდა, რაც დასახლების რელიეფიდან გამომდინარე, ქსელების გამართული მუშაობისთვის გახდა საჭირო. პარალელურად, იმავე წელს, წყალარინების და სანიაღვრე ქსელების მოწყობა დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა. ჯამში, დასახლებაში 32 ქუჩაზე მოვაწყვეთ წყალარინების ცენტრალური ქსელები და მასზე 1 000-მდე ოჯახი დავაერთეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ივერთუბნის დასახლებაში გასულ წელს, რამდენიმე მისამართზე გზაც მოწესრიგდა.
„დასახლებაში დარჩა სხვა ქუჩებიც, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. აღნიშნული პროექტი წელს დაიგეგმა და უკვე დავიწყეთ საგზაო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, 15 ქუჩასა და ჩიხში გზის სავალი ნაწილი მოეწყობა და ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარით დაფინანსდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.