დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელის, კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ივა ჭყონიას განცხადებით, სასურსათო პროდუქტების გაიაფება ძალიან კარგი იქნება, რადგან მაღალი ფასები ყველა მოქალაქეს აწუხებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა სურსათზე ფასების შემცირების მიზნით, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ე.წ. „ფასების სამთავრობო კომისიის“ და ასევე, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება იყო.
„ვფიქრობ, ძალიან კარგია პროცესები, რაც მიდის“, – თქვა პოლიტიკოსმა, მაგრამ პროდუქტების გაიფების იმედი ნაკლებად აქვს, ვინაიდან სურსათის გაიაფების მიზნით, 2023 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული ფასების რეგულირების კამპანიაც უშედეგოდ დასრულდა.
„2023 წელს „უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტი რატომ შემოიდო თაროზე?! [ფასების კომისიის] სუპერმარკეტების წარმომადგენლებთან შეხვედრას გუშინ ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, რომლებიც 2023 წელსაც იყვნენ ამ თემებში ჩართული… მივმართავ მამუკა მდინარაძეს, შეისწავლოს, 2023 წელს რატომ შეჩერდა ეს პროცესი?!“, – თქვა ივა ჭყონიამ.
პოლიტიკოსმა იგულისხმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც დღესაც ამ თანამდებობაზეა და ივა ჭყონიას ინფორმაციით, “უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობდა.
მისი თქმით, მაშინ ხელისუფლებამ პრობლემის რეალურ მოგვარებას პოლიტიკური ქულების დაწერა ამჯობინა და კანონპროექტი კანონად ვერ იქცა.
„თვითონ ირაკლი ღარიბაშვილმა ახსენა, რომ ანალოგიური მოდელი არსებობს ევროპაში და კარგი იქნება, თუ მივიღებთო… როცა თემა აქტუალურია, ხელისუფლება იწყებს ხალხზე „ზრუნვას“, როცა ჩაწყნარდება – ვივიწყებთ“, – ამბობს ივა ჭყონია.
საქმე ის არის, რომ 2023 წელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, ასევე, კონკურენციის სააგენტო და სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ და სურსათზე ფასნამატის რეგულირების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროში, ევროდირექტივის შესაბამისად „უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმფხვრის შესახებ“ კანონპროექტიც დაიწერა.
ამ კანონპროექტის პირველივე მუხლში ეწერა, რომ მისი მიზანია, სავაჭრო ობიექტის მიმწოდებელსა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე საცალო მოვაჭრეს შორის უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხვრა, მათ შორის ინტერესთა ბალანსის დაცვა“.
ირაკლი ღარიბაშვილის დავალებიდან, დაახლოებით, 6 თვის შემდეგ როცა BMG-მ მოიკითხა, რატომ შემოიდო თაროზე ეს კანონპროექტი, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გვიპასუხა, რომ მთავრობას სურსათის ფასების რეგულირების კანონის მიღება აქტუალურად აღარ მიაჩნდა, რადგან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და ასევე, იმპორტიორებმა, დისტრიბუტორებმა და საცალო მოვაჭრეებმა, ფასების შემცირების თაობაზე, მთავრობის რეკომენდაციები თავადაც გაითვალისწინეს.
ივა ჭყონიას მიაჩნია, რომ გამოსავალი [ფასების შემცირება] არა კერძო სექტორისადმი მუქარაში, არამედ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ტვირთის გადანაწილებაშია. მან მაგალითად ბულგარეთი და პოლონეთი მოიყვანა.
„სახელმწიფოც არის შენი პარტნიორი, იმიტომ რომ გადასახადს უხდი. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება, რაც მოხდა ევროპაში: დღგ-ის ნაწილში სახელმწიფო ამბობს უარს შემოსავალზე იმ პროდუქტებზე, რაც ყველაზე მოწყვლადია… პირობითად, მე [სახელმწიფო] მოვიკლებ გადასახადს ბიუჯეტში, დაახლოებით, 3-5%-ს, მაგრამ მოდით, ჯენტლმენურად, თქვენც ამ კონკრეტულ პროდუქტზე არ გქონდეთ 20%-ზე მეტი მარჟა”, – აცხადებს ივა ჭყონია.




