“ივანიშვილს 1 თეთრსაც არ გადავუხდი” – სადიგოვი 275- ათასიან ჯარიმაზე

“ფული არ მაქვს, რომ ეს თანხა გადავიხადო. და რომც მქონდეს, ამ მძარცველ ხელისუფლებას, ამ განგსტერ ივანიშვილს თეთრსაც არ მივცემ. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩემი ცხრათვიანი პატიმრობისთვის 10 000 ევრო ზედმეტი კომპენსაციაა. თუმცა ჩემ წინააღმდეგ ამხელა ჯარიმა დაწესდა იმის გამო, რომ დემოკრატიული პროტესტის უფლება გამოვიყენე. აშკარაა, ეს შიშის დასათესად კეთდება”, – ასე პასუხობს მარნეულის იზოლატორიდან გათავისუფლებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი კითხვას, გადაიხდის თუ არა სოლიდურ – 275 ათასლარიან ჯარიმას, რომელიც რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის გამოუწერეს.
სადიგოვი გზის გადაკეტვის გამო 55-ჯერ, ჯამში, 277,000 ლარით (თითო შემთხვევაზე 5,000 ლარით) არის დაჯარიმებული.
სადიგოვი 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საქმესთან დაკავშირებით 14 დღით მარნეულის იზოლატორში გადაიყვანეს ისე, რომ მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რამდენიმე საათის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი არ იცოდნენ.
სადიგოვის თქმით, 22 ოქტომბრის საღამოს, 19:10 საათზე, როდესაც სახლიდან რუსთაველზე წასასვლელად გამოვიდა, ეზოში ბევრი ადამიანი დაინახა სამოქალაქო ფორმაში.
„მანქანის კარი რომ გავაღე, ოთხი პოლიციელი დამაცხრა თავს ისე, თითქოს, ოსამა ბინ ლადენი დაეკავებინოთ“, – ამბობს ის.
როგორც სადიგოვი ამბობს, ის უკვე ბევრჯერ მოხვედრილა მსგავს სიტუაციაში და არც ეს დაკავება იყო მისთვის ახალი.
„ამას უკვე შევეგუე, ჩემთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუმცა ამ 14 დღეში პოლიციელები პატივისცემით და ყურადღებით მექცეოდნენ. ხშირად მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, ხომ არ მქონდა რაიმე თხოვნა. არ ვიცი, ეს ბრძანება იყო თუ სხვა მიზეზი ჰქონდა“ ,- აცხადებს ის.
ამასთან, როგორც აფგან სადიგოვი ამბობს, დღეს, 6 ნოემბერს მას საქალაქო სასამართლოდან დაურეკეს და 12 ნოემბერს, 14 საათზე სხდომაზე დაიბარეს.
“ადმინისტრაციულ საქმეზეო. გამიკვირდა და ვიკითხე -რატომ? 4 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაქვს გზის გადაკეტვაზეო. არ ვიცი, შეიძლება კიდევ დამაპატიმრონ”.
ალიევის რეჟიმის დევნილმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა საქართველოს ციხე, დაახლოებით, 9- თვიანი პატიმრობისა და შიმშილობის შემდეგ, 2025 წლის გაზაფხულზე დატოვა. აფგან სადიგოვი ციხის დატოვების შემდეგ ყოველდღე რუსთაველის გამზირზე დგას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. საქართველოს ხელისუფლება მას ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს.