“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, რომ კანონი ბიძინა ივანიშვილს ქონების დეკლარირებისგან არ ათავისუფლებს. ასე პასუხობს ორგანიზაცია მის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადების საპასუხოდ „ქართული ოცნების“ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება არ ჰქონდა.
TI-ში აცხადებენ, რომ მმართველი პარტია ამ განცხადებით რამდენიმე გარემოებას გამოკვეთს და საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, რადგან ირაკლი ღარიბაშვილზე აღნიშნული კანონის სწორი ინტერპრეტაცია გავრცელდა. ორგანიზაციაში განმარტავენ, რა შემთხვევაში არ ექნებოდა ბიძინა ივანიშვილს ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” რაჟდენ კუპრაშვილს მოუწოდებს მოსთხოვოს ბიძინა ივანიშვილს ქონებრივი დეკლარაციის შევსება.
„ვეხმიანებით „ქართული ოცნების“ განცხადებას ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ქონებრივი დეკლარაციის შევსების კანონით დაკისრებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ქონებისა და ფინანსების შესახებ ინფორმაციას ქართველ ხალხს უმალავს. „ქართული ოცნება“ ცდილობს მოქალაქეები დააჯეროს, თუ რატომ უნდა იყოს ხალხისგან დამალული ივანიშვილის ქონება და რატომ უნდა იდგეს ის კანონზე მაღლა.
მათი მტკიცებით, ივანიშვილის შემთხვევაზე ვრცელდება გამონაკლისი, რომელიც ეხება თანამდებობის პირის დროებით მოვალეობის შემსრულებლებს. ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა დროებით მოვალეობის შემსრულებელი, ის იყო არჩეული დეპუტატი და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა პარლამენტის მიერ. შესაბამისად, ეს გამონაკლისი მასზე არ ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგება, რადგან კანონის სწორი ინტერპრეტაცია გავრცელდა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელმაც კანონის შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია შეავსო დეპუტატის მანდატის დატოვების შემდეგ – სწორედაც, რომ პარლამენტის ყოფილი წევრის სტატუსით.
2 თვეზე ნაკლები ვადით დეკლარაციის ვალდებულებისგან გათავისუფლება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი დროებით ასრულებს იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ფუნქციას, ანუ ხდება თანამდებობაზე დროებითი შიდა ჩანაცვლება. ეს გამონაკლისი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი სრულიად ახალ თანამდებობაზე ინიშნება ან ირჩევა, თუნდაც მცირე ვადით.
შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატად ყოფნა, თუნდაც 2 თვეზე ნაკლები დროით, არის თანამდებობაზე არჩევა და არა დროებითი ჩანაცვლება იმავე სისტემაში, და ის არ ექვემდებარება გათავისუფლებას დეკლარაციის შევსების ვალდებულებისგან.
მოვუწოდებთ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს, შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება და მოსთხოვოს ბიძინა ივანიშვილს ქონებრივი დეკლარაციის შევსება, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით ინფორმაციის მოთხოვნის გზითაც“, – ნათქვამია განცხადებაში.
