104294 კვ.მ. მიწის ფართობი მდინარე ჩოლოქის ნატანების შესართავთან, 75796 კვ.მ. ციცინათელას პარკის მომიჯნავედ, 48913 კვ.მ. შავი ზღვის პირას, 48913 კვადრატული მეტრი მიწა დაბა შეკვეთილში, 61000 კვ.მ სოფელ ბახვში, 27714 კვ.მ ლეკიანში, 13452 კვ.მ. ნატანებში, 20000 კვ.მ. ჭიანეთში, და 26003 კვ.მ. შეკვეთილის სანაპიროს პირველ ზოლში – ეს არ არის იმ ქონების ჩამონათვალი, რომლის დაგირავებაც, ტვ პირველის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა 13 ივნისს დაიწყო და 17 ივნისს დაასრულა.
მედიის ინფორმაციით, 13-ვე დაგირავებული უძრავი ქონება მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროზე, შპს “აკვა ცენტრს ეკუთვნის” – აკვა ცენტრი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია – “ვენითი ოუვერსიზ ლიმითედის” საკუთრებაა. ამ კომპანიის მფლობელი კი ბიძინა ივანიშვილია.
ბიძინა ივანიშვილმა ქონება, რომელსაც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული მისი კომპანია ფლობდა, მისივე ბანკში დააგირავა და სანაცვლოდ სესხი აიღო.
გამოდის, რომ ბრიტანული კომპანიის აქტივები საკუთარ ბანკში დააგირავა და თუ სესხს არ გადაიხდის, ეს ქონება მაინც მისივე ოჯახს, მისივე ბანკში დარჩება.
მილიარდერმა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქველმოქმედო ფონდის კუთვნილი ქონებებიც დააგირავა. ივანიშვილმა დააგირავა ბაკურიანის მიწები და რეზიდენცია, წყნეთის სამკერვალო ფაბრიკა და მე-9 არხის ყოფილი შენობაც.
2 სასახლე ბაკურიანის ტყის პირას და ასევე 2 მიწის ნაკვეთი დიდველის სათხილამურო ტრასასთან, საქველმოქმედო ფონდის საკუთრებაა. ამ ქონებებზე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წელს გვითხრა, რომ ხალხს აჩუქა, ამ მიზნით გადასცა საქველმოქმედო ფონდს და თავისთვის არაფერი დაიტოვა. ახლა კი, იგივე ქონებები საკუთარი ოჯახის ბანკში, იპოთეკით დატვირთა. გატანილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ფონდისთვის ნაჩუქარი ქონება, ხელშეკრულების მიხედვით, გადადის ბანკის საკუთრებაში, რომელიც უტა ივანიშვილის საკუთრებაა.
ფონდმა მისცა უფლება მილიარდერ ივანიშვილს, ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი ორგანიზაციის კიდევ 2 ქონებაც, ბანკში დაეგირავებინა, დიდველის ტრასამდე მისასველი და ამ დრომდე აუთვისებელი 2 მიწის ნაკვეთიც, გზის ორივე მხარეს, ქართუ ბანკმა ჯამში 239 500 ამერიკულ დოლარად შეაფასა და შესაბამისი თანხა, შპს ინვესტ კაპიტალს ჩაურიცხა. ინვესტ კაპიტალის 100%-ის მფლობელი, ოლიგარქის დისშვილი კახა კობიაშვილია. კახა კობიაშვილის კომპანიამ ჯამში, საქველმოქმედო ფონდის ქონების დალომბარდების ხარჯზე, ქართუ ბანკიდან 6 012 400 დოლარი წამოიღო.
ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
