“ივანიშვილმა რომ დარეკოს, ინფლაციას 0%-მდე ჩამოწევს”- რა შავდება თუ საქსტატის დირექტორს პრემიერი დანიშნავს?|ინტერვიუ

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა და გათავისუფლება პირდაპირ პრემიერ-მინისტრის ხელში გადადის. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირწმუნებიან, რომ მიზანი საქსტატის დამოუკიდებლობის ხარისხის შენარჩუნებაა, თუმცა პირიქით ფიქრობს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი „ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მცირდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დამოუკიდებლობის ხარისხი და იზრდება პოლიტიკური მიზნებისათვის მისი გამოყენების შესაძლებლობა“, – აცხადებს ის.

როგორც ყოფილმა პარლამენტარმა „წერტილთან“ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საერთო ავტორიტარული გეზის გაგრძელებაა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება სტატისტიკის სამსახურის სამთავრობო პროპაგანდის იარაღად გადაქცევას ისახავს მიზნად.

ამასთან, მიიჩნევს, რომ “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” კანონში უკვე შესული ცვლილება, [საქსტატის აღმასრულებელ დირექტორად ერთი და იგივე პირი ორზე მეტი ვადით დაინიშნება] კონკრეტულ კადრზეა მორგებული, რათა შენარჩუნდეს „ნაცადი“ ხელმძღვანელობა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკური მაჩვენებლების (ინფლაცია, მშპ) მანიპულირებას მოახდენს.

ინტერვიუ რომან გოცირიძესთან

– მოკლედ რომ ვთქვათ, საქსტატის დირექტორის შესარჩევად კონკურსი ისევ გამოცხადდება, ისევ კომისია შეარჩევს საუკეთესოს, მაგრამ აქამდე თუ პრემიერი კანდიდატს პარლამენტს წარუდგენდა დასამტკიცებლად, ახლა პირდაპირ თავად დანიშნავს – საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და პირველი მოსმენით უკვე მიიღეს. თქვენი აზრით, რა შავდება ამით და რატომ არის პარლამენტის, როგორც საბოლოო სიტყვის მთქმელი რგოლის ამოგდება პრობლემა?

– ეს არის გაგრძელება იმ გეზისა, რაც აღებული აქვს მთავრობას – არ დარჩეს იოტისოდენა შანსიც კი არა მხოლოდ დანიშვნებში ჩარევისა, არამედ საჯაროობის, განხილვის ან საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების რაიმე ფორმით არსებობის. ვინ ეტყვის პარლამენტში [ირაკლი კობახიძეს] უარს საქსტატის საბჭოს წევრების დანიშვნაზე?! პარლამენტი ხომ ფაქტობრივად. მთავრობის და სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებების დამშტამპავი ორგანოა. აბსურდული ვითარებაა, ხომ?!

– მით უმეტეს გაუგებარია, რატომ დასჭირდათ სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა თან დაჩქარებული წესით?

– სინამდვილეში ძალიან გასაგებია. ყველაფერი ეროვნული ბანკით დაიწყო – ის უკვე მოექცა მთავრობის დაქვემდებარებაში საკანონმდებლო მანიპულაციებით. დღეს ყველა უწყება ერთი ადამიანის ნებით იმართება. ავტორიტარული რეჟიმების პირობებში, ფორმალურად კანონში რა წერია, ეს არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ის, თუ როგორ მოქმედებს პრაქტიკაში… საქსტატი მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია, რადგან მასზეა დამოკიდებული ხელისუფლების პროპაგანდა. მათ სჭირდებათ ორგანო, რომელიც გააყალბებს ყველაფერს, რასაც უბრძანებენ.

– ვინაიდან საქსტატის მოქმედ აღმასრულებელ დირექტორს რამდენიმე თვეში ეწურება ამ პოზიციაზე ყოფნის ვადა, დიდი ალბათობით, ირაკლი კობახიძეს მოუწევს ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა… თქვენი აზრით, ამიტომაც განიხილავენ ცვლილებებს დაჩქარებული წესით?

– რა თქმა უნდა. სჭირდებათ ნაცადი კადრი…

– რას გულისხმობთ?

– რად უნდათ ახალი?! როცა შეუძლიათ ვინმე თავისიანი, თუნდაც რომელიმე პარლამენტარი ან პარტიული ეკონომისტი დანიშნონ, მაგრამ ამას ხომ დრო დასჭირდება რომ ვითარებაში გაერკვეს. სანამ ის ისწავლის, როგორ უნდა „დაამუშაოს“ ინფლაციის თუ მშპ-ის მაჩვენებლები… აიღეთ თუნდაც ბოლო საყოველთაო აღწერა – ეს ხომ კატასტროფა იყო. ჩვენ გვგონია, რომ მართლა ვიცით ქვეყნის მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა ან მათი განაწილება ქალაქსა და სოფელში უამრავი სხვა ირიბი სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც უნდა დადგენილიყო, მაგრამ რეალობა სხვაა. აი, პირდაპირ ვეკითხები ტელემაყურებელს: თქვენთან სახლში მოვიდა ვინმე ამ აღწერის დროს? ორიდან ერთი მაინც გეტყვით, რომ მისი კარზე არავის მიუკაკუნებია….

– ეჭვობთ, რომ საქსტატის მოქმედ აღმასრულებელ დირექტორს მოარგეს კანონი, როდესაც “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებებით საქსტატის აღმასრულებელ დირექტორად ერთი და იგივე პირი ორზე მეტი ვადით დაინიშნება? გოგიტა თოდრაძე ამჟამად მეორე ვადით ხელმძღვანელობს საქსტატს.

– პარლამენტში ვისაც უნდათ, იმას დანიშნავდნენ, ამაში პრობლემა არასდროს ჰქონიათ – ყველას ისე ნიშნავენ, როგორც სურთ. მათ შორის, „საქსტატის“ მოქმედი ხელმძღვანელიც სწორედ ამ მთავრობის დროს ორჯერ დაინიშნა. აქამდე არსებობდა 8-წლიანი ლიმიტი, რის შემდეგაც პირი ამ თანამდებობას ვეღარ დაიკავებდა. ლოგიკურიცაა – 8 წელი ერთ სამსახურში საკმარისია, სისტემას განახლება სჭირდება, სხვა უნდა მოვიდეს… მაგრამ ახლა რა გააკეთეს? სპეციალურად მიიღეს კანონი, რომლითაც ეს 8-წლიანი შეზღუდვა გააუქმეს. ახლა ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება ნებისმიერი ვადით დაინიშნოს. ეს აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ არსებული ხელმძღვანელის ხელახლა გადანიშვნა სურთ – იციან, მასთან როგორ „ითანამშრომლონ“… „ოცნებას“ უნდა, პარლამენტში არ ისმოდეს სტატისტიკის საკითხი, სტატისტიკა უნდა იყოს გადამალული და ასე ვთქვათ სასათბურე მდგომარეობაში; აგერ მეორე ცვლილება [პრემიერის მიერ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა] ზუსტად ამისთვის იქნა შემოღებული.

– აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოცდილებით, ბევრ ქვეყანაში სტატისტიკის ხელმძღვანელს სწორედ პრემიერი ან პრეზიდენტი ნიშნავს…

– დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს დამზღვევი მექანიზმები… ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვიცე-პრემიერი ვიყავი [1990-იან წლებში], ჩემივე ხელით დაწერილი დოკუმენტით ჩამოვიცილე სტატისტიკის სამსახური და პარლამენტს დაექვემდებარა. მაშინ 30-მდე სამინისტრო იყო და მე ვნიშნავდი ჩენს დაქვემდებარებაში მყოფი სამინისტროების ხელმძღვანელებს. გავათავისუფლე ეს უწყება ჩემი (ისევე როგორც ახლად შექმნილი კონტროლის პალატა, დღეს რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ჰქვია) მთავრობის დაქვემდებარებისაგან. რა თქმა უნდა, როცა ვიცე-პრემიერი ან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხარ და მაღალი ინფლაცია შენს პოლიტიკურ კარიერას საფრთხეს უქმნის, ცდუნება ყოველთვის არსებობს…

– გიკადრიათ ვინმესთან დარეკვა და მონაცემების გაყალბება?

– ამას არასდროს გავაკეთებდი… აი, მაგალითად, სოსო არჩვაძე ავიღოთ – ჩემ მიერ დანიშნული სტატისტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო მაშინ. დღეს ის, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლების მხარდამჭერი ქოცი ექსპერტია და „პოსტვ“-დან არ გამოდის, თუმც წესიერი პიროვნება და კარგი სპეციალისტია. აი, სოსოს ჰკითხეთ დღეს ხომ ეძლევა შანსი, რომ მამხილოს?! ჰკითხეთ, ვერეოდი თუ არა მათ საქმიანობაში. გეტყვით, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა.

– არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს არ გქონიათ ცდუნება, როცა ინფლაცია გამოწვევას ქმნიდა?

– ცდუნება ყოველთვის არის, განსაკუთრებით როცა მაღალი ინფლაცია შენს კარიერას დაასამარებს, მაგრამ არასდროს ჩავრეულვარ… მაგალითად, ზაზა ბროლაძემ, რომელიც 2005-2006 წლებში სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო, სიღარიბის მაჩვენებელი არ გააყალბა და ზურაბ ნოღაიდელმა მოხსნა. მე მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი და ის ხმამაღლა დავიცავი. წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე მეტად მე უნდა გამხარებოდა, ინფლაციის მაჩვენებელი რომ გაეყალბებინა. შესაბამისად, ნოღაიდელის მხრიდან მისი დასჯაც ჩემთვის სასიხარულო უნდა ყოფილიყო, არა?!

– დიახ.. თუმცა წმინდა პოლიტიკური პრაგმატიზმით, შეიძლება, გულში გაგხარდებოდათ კიდეც… – არა, პირიქით

– მე ის ძალიან ხმამაღლა დავიცავი. ზაზა ბროლაძე უნივერსიტეტის მერხიდან მოვიყვანე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში (კონკურსში გაიმარჯვა) და პირადი სიმპათიაც განაპირობებდა ალბათ ჩემს დამოკიდებულებასაც. დღეს, ავტორიტარული მიდრეკილებების მქონე ხელისუფლების პირობებში, როცა ინსტიტუციები დეგრადირებულია, ინსტიტუციების საქმიანობაში ჩარევა ხდება თვითცენზურის დონეზეც – სტატისტიკის უფროსს არავინ დაიბარებს და არ ეტყვის გააყალბე წყლის ან ფეხსაცმლის ფასიო… მაგრამ მათ იციან, რა უნდა გააკეთონ…

– წინა ხელისუფლების პერიოდში რამდენად ხშირად იყო სატელეფონო ზარები სხვადასხვა დამოუკიდებელ ინსტიტუციებში?

– პირდაპირ ვამბობ – გაყალბების ცდუნება ყველა ხელისუფლებას აქვს. არ ვამბობ, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ანგელოზები ვიყავით… ეს ცდუნება ყველას ექნება, ამიტომაცაა საჭირო დამოუკიდებელი ინსტიტუციები. დღეს კი, როცა ოპოზიცია სუსტია და ქვეყანაში ერთპიროვნული, რეჟიმია დამყარებული, ვინ გაბედავს წინააღმდეგობის გაწევას? ივანიშვილმა რომ დარეკოს, ინფლაციას 0%-მდე ჩამოწევს, მაგრამ რაღაც ზღვარი არის…

– იქნებ ასეთი დავალების შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგეს გოგიტა თოდრაძე? რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ასეთ დავალებას შეასრულებს?

– სტატისტიკის შესახებ კანონში მისთვის შეიტანეს ცვლილებები და როგორ გადადგება?! თვითონ ეს ახალგაზრდა კაცი [გოგიტა თოდრაძე] არის პროფესიონალი. არ არის სხვებივით აგრესიული და ბევრი კარგი თვისებით გამოირჩევა, მაგრამ სისტემას რომ გაუძალიანდე სხვა თვისებებიცაა საჭირო.

– გასაგებია, თუმცა საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა, როდესაც ერთდროულად ამბობთ, რომ ის პროფესიონალია და ამავე დროს – აყალბებს მონაცემებსო.

– არა, აქ წინააღმდეგობა არ არის. ერთი მხარეა ადამიანის პროფესიული ცოდნა თუ მისი პიროვნული ბუნება, მაგრამ მეორეა სახელმწიფო სამსახურში მოქმედების პრინციპულობა. რამდენად ჩაგითრევს სისტემა და რამდენად ხდები უკვე სისტემის მორჩილი… სწორედ ამიტომ არის საშიში საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგად საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს პირდაპირ პრემიერ მინისტრი დანიშნავს, პარლამენტის თანხმობის გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ