ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი და მასთან დაახლოებული პირი, გიორგი ბაჩიაშვილი ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში ამბობს, რომ „ოცნების“ ლიდერმა ამ წლის გაზაფხულზე მიღებული „ოფშორების კანონით“ სახელმწიფოს, სულ მცირე, 400 მილიონი დოლარი მოპარა.
„ოფშორების კანონი“ არის ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც გულისხმობს საგადასახადო შეღავათების დაწესებას იმ ოფშორული კომპანიებისთვის, რომლებიც თავის აქტივებს საქართველოში 2028 წლის პირველ იანვრამდე გადმოიტანენ. შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე საშემოსავლო და ქონების გადასახადიდან.
როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, ივანიშვილს ამ კანონის მიღება სურდა, რათა თავისი 1-მილიარდიანი ხელოვნების ნიმუშების კოლექციის საქართველოში შემოტანისთვის არანაირი გადასახადი არ გადაეხადა.
„წელს შემოღებული ოფშორების კანონი შემოიტანა რუსული კანონის გარშემო აურზაურის დროს – გააძვრიანა, „под шумок“ (ხმაურისას). რეალურად რისთვის? 2022 წელს, როგორც თავადვე თქვა, ნახატების კოლექციას არ ატანდნენ. გამოატანეს.
შემოიტანა საქართველოში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების კოლექცია. არ უნდოდა დღგ-ს, ქონების და მოგების გადასახადების გადახდა. ამ კანონით კი, აქტივები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან.
ანუ, მომავალში რომ გაყიდის მოგებით, გადასახადი არ ექნება. შესაბამისად, 5-10 წელიწადში რომ გაყიდოს ეს კოლექცია 2 მილიარდ დოლარად, [მოგების გადასახადის] ის 200 მილიონი დოლარი, რომელიც უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, მან უბრალოდ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. ასევე, განბაჟების და დღგ-ს საფასური, ერთ მილიარდზე უწევს დაახლოებით 180 მილიონი დოლარი – ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. ქონების გადასახადი, 1% – წელიწადში 10 მლნ დოლარი, პირდაპირ ამოიღო ქართველი ხალხის ჯიბიდან. ანუ, ერთ ოპერაციაში დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოპარა სახელმწიფოს“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.