ივანიშვილი: ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას

გილოცავთ, გილოცავთ! და, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ, ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში, როგორც იტყვიან. აი, ეს არის რეალური შედეგი, ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო, რასაც იმსახურებთ თქვენ, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, რასაც იმსახურებს ჩვენი გენეტიკა. ამით ჩვენ პატივი მივაგეთ უკვე ჩვენს წინაპრებს, – ამის შესახებ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
“ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი. რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაში ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ჩვენ ვიკრებთ ძალას და აუცილებლად ღირსეულ ადგილს დავიჭერთ მსოფლიოში.
ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი: თანამედროვე დაპყრობის მეთოდი გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით ჩვენზე ბევრად დიდმა და გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა დაკარგეს სუვერენიტეტი. ვინც ერკვევით პოლიტიკაში, მე არ ჩამოვთვლი და არც არის საჭირო სცენიდან ამაზე საუბარი, მაგრამ ალბათ გეცოდინებათ, რომელი ქვეყნები იგულისხმება. ძალიან ბევრი ქვეყანა მიექანება კატასტროფაში და საკუთარ ხალხს, საკუთარი საზოგადოების ნაწილს მიაქანებენ კატასტროფისკენ. აი, ეს გახლავთ სწორედ თანამედროვე დაპყრობის იარაღი. მხოლოდ ამ მეთოდით ახერხებენ და ყველაზე ცივილიზებული, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები დააჩოქეს, უნგრევენ ეკონომიკას, უნგრევენ საზოგადოებებს. საშინელი დაპირისპირებებია, ერების აღრევა ერთმანეთში, და აი, ასეთი გაუკუღმართებული ცხოვრება შეუქმნეს.
მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთ რამეს: ყველაზე ნიჭიერია ქართველი ერი. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ – ერთადერთი სახელმწიფოა, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა. თქვენ გახსოვთ, 2012 წელს ჩვენ დავძლიეთ ეს უდიდესი და ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც მათ უდგა და ზურგს უმაგრებდა. თავიდან ყველას გვეგონა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო პრობლემა, მაგრამ არაფერ შუაშია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ – მათ უკან დგას ძალიან დიდი ბოროტი ძალა. და ვინც პოლიტიკაში არის გათვითცნობიერებული, ძალიან კარგად იცის, რა ძალები უჭერდნენ მხარს და რა ხდება დღეს მსოფლიოში.
მე არ მინდა კონკრეტიკაზე გადავიდე – დღეს აქ გავჩერდები. უნიჭიერესი ერი ვართ, უნიჭიერესი ხალხი ვართ და ჩვენ ეს დავამტკიცეთ. ერთადერთი სახელმწიფო ვართ, ვინც მოახერხა დაპყრობილი, გარედან მართული უდიდესი ძალის განდევნა. ჩვენ, ჩვენი ერთობით, ეს შევძელით და ნელ-ნელა ვიბრუნებთ სუვერენიტეტს.
დღეს გარწმუნებთ: ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა, მსოფლიოში საქართველოში ყველაზე დიდი შური აქვთ. ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას. ესე უნდა იყოს. მხოლოდ თქვენზე გადის გზა – იცოდეთ! მხოლოდ საზოგადოებაზე. ისინი ცდილობენ, როგორმე გაგვასულელონ, გაგვაგიჟონ, გამოგვიყვანონ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ.
დღესაც მცდელობა აქვთ: კატასტროფულად წააგეს და ცდილობენ ქუჩიდან რამე გააკეთონ. მაგრამ საბედნიეროდ აქაც ისევ ქართველი ხალხის სიბრძნე ჩანს – ნახეთ, რამდენი არიან. როგორ შეიძლება 80%-იან მხარდაჭერას პარტია ფლობდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს?! წარმოუდგენელია.
გილოცავთ, გილოცავთ! ძალიან დიდი მადლობა!”, – განაცხადა ივანშვილმა.