ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და მღელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას. დღეს მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას. დღეს ყველა ქართველის მსგავსად გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა. დღეს ყველა, დიდი თუ პატარა, დუმილითა თუ გამოთქმული სიტყვით ვცდილობთ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლელი კვალი დატოვა. სრულიად საქართველი ემშვიდობება უწმიდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ეს ჩვეულებრივ განშორებას არ ჰგავს. არნახულად ღრმა, მძაფრი და მტკივნეულია, რადგან ეს განშორება საკუთარ თავში იტევს არამხოლოდ გრძნობებსა და განცდებს, არამედ ეპოქას და დიდი სიყვარულის ისტორიას.
ამბობენ, ადამიანი ორჯერ იბადება – პირველად ფიზიკურად, ხოლო მეორედ მაშინ, როცა ცხოვრების მიზანს შეიცნობს. თავად განსაჯეთ, რამდენად დიდი უნდა იყოს ადამიანი, რომ მისი მეორედ დაბადება მხოლოდ პირად საზღვრებში კი არ მოექცეს, არამედ ქვეყნის ბედისწერას შეერწყას და ერისა და ბერის სულიერ გზას, მის მომავალს დაუკავშირდეს.
ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ყველაზე რთულ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა, უფლის განგებით თავად ერმა წარმოშვა ადამიანები, რომლებიც კვერთხად ედგნენ…
… თუ არა უფლის ნება, სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია ჭავჭავაძე, ქართველი ერის მამა, რომელმაც მომაკვდავი ერი გააცოცხლა. თუ არა უფლის ნება, სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან ილია მეორე, საქართველოს სულიერი მამა, რომელმაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღადგინა და ქართველი ხალხის სულიერი ერთიანობის სიმბოლოდ იქცა.
ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ადამიანები, რომელთა სიდიადე საკუთარი ქვეყნის და ხალხისათვის თავგანწირვით განისაზღვრება, მათი მემკვიდრეობა კი უკვდავია, რადგან დიდი ადამიანები არსად მიდიან, ისინი ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ცოცხლობენ და იცოცხლებენ მარად, მანამ, სანამ მათი იდეალების ერთგულნი ვრჩებით.
უწმინდესისა და უნეტარესის პატრიარქობის წლებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იქცა სივრცედ, სადაც ადამიანებმა კვლავ იპოვეს ღმერთი, დაიბრუნეს რწმენა, სიმშვიდე და ერთიანობის განცდა.
კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არამხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავუმარჯვებთ. უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრება არ ყოფილა მხოლოდ პირადი სულიერი არჩევანი, არამედ მისია, რომელმაც არაერთი თაობის სულიერი ორიენტირი განსაზღვრა, გზა, რომელიც ნახევარი სუაკუნუს განმავლობაში მთელ ერს აერთიანებდა, მისი საქმისა და მსახურების ძვირფასი ნაყოფი კი ჩვენს საერთო და მტკიცე საძირკვლად იქცა.
ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს დიდი განსაცდელი ან დიდი სიხარული აერთიანებს. დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას, მილიონობით ქართველი მდუმარედ ვხვდებით დიდ განსაცდელს და სწორედ ამ გამაყრუებელ მდუმარებაში, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმის, ამ ქვეყნის თითოეული შვილი მთელი სისავსით გრძნობს თუ რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ. ამ სიჩუმეში ვემშვიდობებით ეპოქას, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა.
დიდი ტკივილის მიუხედავად, რადგან წილად გვხვდა პატივი, ვიწოდებოდეთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სულიერ შვილებად.
მოძღვრისა, რომელმაც როგორც მთელი სიცოცხლე, გარდაცვალებაც საკუთარი სამწყსოს, ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრას და გაერთიანებას მიუძღვნა. უწმინდესო და უნეტარესო, დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის.
ახლაც, როგორც მაშინ, ეპოქა გათავდა დიდი.