ივანიშვილის სასარგებლოდ Credit Suisse-ს 743 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა

შვეიცარიული Credit Suisse-ის სარჩელზე სინგაპურის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლითაც ბანკის ყოფილი კლიენტის – ს სასარგებლოდ Credit Suisse-მა 743 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს.
საქმე ისაა, რომ 2023 წლის მაისში სინგაპურის სასამართლომ ივანიშვილის სასარგებლოდ Credit Suisse-ს კომპენსაციის სახით 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, შემდგომში კი 2023 წლის სექტემბერში სასამართლომ დააზუსტა რომ კომპენსაცია უნდა იყოს 743 მილიონი დოლარი, თუმცა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა Credit Suisse-მა, რასთან დაკავშირებითაც სინგაპურის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა.
საქმე თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომლებშიც Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისიც იყო ჩართული. აღნიშნული ტრანზაქციები მილიარდერის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა ივანიშვილის ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რითაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა.
ივანიშვილისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია მოიცავს, როგორც პირადი ბანკირის თაღლითობით დაკარგულ თანხებს, ასევე იმ მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც ივანიშვილი ამ აქტივების პირნათლად მართვის შემთხვევაში მიიღებდა.
სინგაპური არაა ერთადერთი იურისდიქცია, სადაც თაღლითობის საქმესთან მიმართებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. 2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის ბერმუდულ შვილობილს ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
ვერდიქტში მოსამართლე მიუთითებს, რომ Credit Suisse-ი პასუხისმგებელია პირადი ბანკირის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ქმედებებზე და ვალდებულია კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. 2020 წლის ზაფხულში ლესკადრონმა თავი მოიკლა.
თავად Credit Suisse-ი 2023 წლის 19 მარტიდან დამოუკიდებელი სახით აღარ არსებობს, რადგანაც მან ფაქტობრივი კოლაფსი განიცადა. ამჟამად ბანკის აქტივები და ვალდებულებები UBS-ის შემადგენლობაში შედის, რომელმაც ეს უკანასკნელი 3 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკად შეიძინა. შესაბამისად, ივანიშვილის კომპენსაციის მომსახურებაც საბოლოოდ UBS-ს მოუწევს.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ