ივანიშვილის ნაჩუქარი Black Sea Arena-ს და ფილარმონიის სამართავად ახალი სახელმწიფო კომპანია შეიქმნა

თბილისის საკონცერტო დარბაზი, [ფილარმონია] და ბლექ სი არენა ერთ კომპანიად “სთარინგ ჯორჯია” გაერთიანდნენ.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, პროცესი აგვისტოში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა.
ამასთან, 2024 წლის 31 ნოემბერს რეგისტრირებული Starring Georgia-ს წილის მართვის უფლება მთავრობის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს 27 იანვარს გადასცა.
“ქართული ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით ირკვევა, რომ Starring Georgia-ს 100%-იანი წილის მართვის უფლება სამინისტროს უფასოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით უვადოდ მისცეს. ამ დრომდე, კომპანია მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე იყო.
შპს “სთარინგ ჯორჯია” კომპანიის დირექტორი თამარ ჩხაიძეა. მართვაში შესული ცვლილება რეესტრში ჯერ არ ასახულა და შესამაბისად, ამ დრომდე კომპანიის მფლობელი საქართველოს მთავრობაა.
კომპანიაში განთავსებული კაპიტალი რეესტრის მიხედვით 96 583 698 ლარია.
ცნობისთვის, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით და $115 მილიონზე მეტი ინვესტიციით დაიწყო. „ბლექ სი არენა“ ოფიციალურად 2016 წელს Christina Aguilera-ს კონცერტით გაიხსნა. 2019 წელს დარბაზი სამართავად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა. კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 6 წლიანი ზარალის შემდეგ „ბლექ სი არენასთვის“ მხოლოდ 2023 წელი იყო მოგებიანი და 2023 წელს კომპანიამ 8,3 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო.
რაც შეეხება „ფილარმონას“, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ფილარმონიის მმართველ შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა. აღნიშნული ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა „ინტერნეიშენალ ივენთის” მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. მას შემდეგ თბილისის საკონცერტო დარბაზი 100%-იანი წილის მართვის უფლებით ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა.