“ივანიშვილის მორიგ მაქინაციას საბოლოოდ აეხადა ფარდა” – რომან გოცირიძე

ივანიშვილის მორიგ მაქინაციას, რომელმაც ბიუჯეტი ასეულ მილიონობით ლარით აზარალა, საბოლოოდ აეხადა ფარდა. აღმოჩნდა, რომ 481 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები (სინამდვილეში, ბლუმბერგის შეფასებით, ერთი მილიარდი დოლარი ღირებულა), მას 2022 წლის პირველ ნახევარში შემოუტანია საქართველოში. ეს ქონება საქართველოში იყო განთავსებული დროებითი იმპორტის რეჟიმით. ჩვენი კანონმდებლობით ამ ფორმით საქონლის შენახვა შესაძლებელია 3 წლის განმავლობაში. ამ ვადაში ან უნდა განაბაჟო, ან უნდა გაიტანო. ამასობაში, ოფშორების კანონიც მიაღებინა პარლამენტს და თითქმის სამი წლის შემდეგ უკვე შემოტანილი საქონელი განაბაჟა ისე, რომ ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ გადაუხდია და არც მომავალში გადაიხდის ქონების გადასახადს.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო დავა შვეიცარიული ბანკის, “კრედიტ სვისის” წინააღმდეგ, აცხადებდა, რომ “გლობალური ომის პარტია” მას დევნიდა და ერთ-ერთ ასეთ მაგალითად მოჰყავდა ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან მის საკუთრებაში არსებული ნახატების სხვაგან გადატანის პრობლემა. თუმცა, ეს საკითხი მალევე მოგვარდა. არც თუ ისე ყოვლისშემძლე ყოფილა გლობალურად მეომრები, რადგან ივანიშილმა ადვილად მოუგრიხა მათ კისერი:)) გავიხსენოთ ამონარიდი 2022 წლის მაისის თვეში ივანიშვილის სახელით გავრცელებული განცხადებიდან, რომელსაც მისი ადვოკატი აწერდა ხელს: „ამ წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა“, — ნათქვამი იყო ადვოკატის განცხადებაში. როგორც ვხედავთ, ოფშორების კანონით ხელოვნების ნიმუშებისა და მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონების ( მიწები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები და ა. შ. ), დაუბეგრავად, ახლახან მისი ოჯახის წევრების მიერ დაფუძნებულ ქართულ კომპანიებზე გადმოფორმებით, ასეულ მილიონობით ლარით აზარალა ბიუჯეტი და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი სხვა ბიზნესებთან შედარებით, ვინაიდან მასზე მორგებული ოფშორების კანონი მოქმედებს 2028 წლამდე, ხოლო ამ კანონის საფუძველზე “გადმოტანილი”( სინამდვილეში ქაღალდზე განხორციელებული მანიპულაცია) აქტივები ქონების გადასახადისგან განთავისუფლებულია 2030 წლამდე. რაც შეეხება ნახატებს, თუ სად გადამალა იგი, საკითხავი აი, ეს არის.
ამ განცხადებაში ნახსენები ვერტმფრენის იმპორტი დაიბეგრა თუ ისიც ოფშორების კანონის მიღებამდე არ განაბაჟა, ეს უკვე ცალკე შესწავლის საკითხია.