ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო დაწყებული გამოძიება არ შეეხება მხოლოდ ერთ მაღალჩინოსანს – ხიდაშელი ამბობს, რეალური ფოკუსი ირაკლი ღარიბაშვილისკენ არის მიმართული.
“ეს უკვე ხაზია, ეს უკვე სისტემური კორფუციაა, ეს არ არის რაღაც შემთხვევითობა და ერთი გამონაკლისი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ლოგიკურია და ბუნებრივია, რომ მინისტრთანაც არსებობდეს კითხვები. სინამდვილეში, ჩვენ ვლაპარაკობთ ღარიბაშვილზე და არა ბურჭულაძეზე ან ვინმე სხვაზე, ამიტომ სადამდე მივლენ, რამდენად მზად არიან, რომ მთავარ სამიზნეს შეუტიონ, ამით გადაწყდება ბურჭულაძის ბედი. სამწუხაროდ, ბურჭულაძეს არც მინისტრობას ეკითხებოდა ვინმე, არც მინისტრობიდან წასვლას ეკითხებოდა და ახლა არც მისი დაჭერაა საინტერესო და არც მისი ქუჩაში ყოფნა. ყველაფერი ტრიალებს ღარიბაშვილის გარშემო. როგორც გადაწყდება ღარიბაშვილის ბედი, იმის მიხედვით გადაწყდება ბურჭულაძის ბედი. ეს არის შეუძლებელი, რომ იმ ტიპის ხაზი, ჯაჭვი, რომელიც სუსმა გამოავლინა და გვითხრა, რომ სამმათველოს უფროსი, დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის მოადგილე ასე მოქმედებდნენ ერთ ხაზში კორუფციული გარიგებისთვის, ეს ნიშნავს, რომ ეს იყო სისტემური და მრავალეტაპიანი, მრავალი ფიგურანტით და მრავალი კონტრაქტით. ამიტომ არის შეუძლებელი, რომ ეს მინისტრს არ სცოდნოდა” – ამბობს ხიდაშელი ტვ პირველთან.
