ივანიშვილის მარცხი შვეიცარიულ ბანკთან | სასამართლო დავის დეტალები

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან სასამართლო დავა ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით წააგო. წელიწადნახევრიანი გამოძიების შემდეგ ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა, ივ ბერტოსამ საქმის მხარეებს შეატყობინა, რომ მისმა გამოძიებამ ვერ იპოვა სამხილი, რომელიც აწ გარდაცვლილ ბანკირ პატრიკ ლესკუდრონის ან Credit Suisse-ის სხვა წარმომადგენლის მიერ კრიმინალურ ქმედებას და ფულის გათეთრებას დაადასტურებდა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე შვეიცარიულ საბანკო გიგანტს ორი მიმართულებით ედავებოდა. ზარალის ანაზღაურების ნაწილში ივანიშვილმა რამდენიმე სასამართლო მოიგო, სისხლის სამართლის ნაწილში კი დავა მისი დამარცხებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის ყოფილმა ბანკირმა, რომელსაც მისი დანაშაულის გამო საპატიმრო სასჯელის მოხდა მოუწია, რამდენიმე წლის წინ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
მანამდე ლესკადრონს ბრალი ედებოდა, რომ ხელმოწერებსა და კლიენტის ანგარიშის გამოწერებსაც კი აყალბებდა, რომ თავისი უმსხვილესი კლიენტის, მილიარდერ ს ანგარიშებიდან მილიონები უკანონოდ გადაერიცხა. ამით ის ცდილობდა, სხვა კლიენტების პორტფელებში მზარდი ზარალი დაეკომპენსირებინა. ლესკადრონის საქმიანობა, თითქმის, ათი წლის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა, ვიდრე მან თავისი თაღლითობა 2015 წელს თავად არ აღიარა, ხოლო მოგვიანებით თავი მოიკლა.
ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი თქმით, ამჟამად ივ ბერტოსა ირწმუნება, რომ „ეს დანაშაულები ფულის გათეთრების ლინზებით კი არა, არამედ მხოლოდ დანაშაულების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, რისთვისაც ლესკადრონი იყო ნასამართლევი.“
„ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ მსჯელობას, რომელიც აიგნორირებს მტკიცებულებებს, რომლებიც კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის მხრიდან თაღლითობის შედეგად მიღებული შემოსავლების დამალვისა და გათეთრების მზადყოფნაზე მიუთითებს,“ – აცხადებს ივანიშვილის წარმომადგენელი.