არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი ილია ინჯია საქართველოს ბანკს რუსეთში რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის შეზღუდვების დაწესების გამო აკრიტიკებს.
“რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია ბლექროკმა შეიძინა საქართველოს ბანკის აქციები, ხოლო, გუშინ ვიგებთ, რომ ბანკმა თავის რუს კლიენტებს შეუზღუდა თანხის დახარჯვა, მაშინ, როდესაც სახელმწიფოსგან ან ეროვნული ბანკისგან, მსგავსი არანაირი რეგულაცია არ ყოფილა.
თვითნებურად ამ ნაბიჯის გადადგმა ბანკის მხრიდან, არის პირდაპირ ანტიქართული საქმე, რომელიც აზიანებს ქართულ ეკონომიკას. საინტერესოა, რა დავალება აქვს ასეთი საქართველოს ბანკს, რომ საკუთარი ფინანსური ინტერესების საზიანოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მინდა მივმართო ეროვნულ ბანკს, სასწრაფოდ მოითხოვოს ახსნა-განმარტება საქართველოს ბანკისგან ამ ფაქტთან დაკავშირებით”, – თქვა მან.
საქართველოს ბანკმა რუსეთში რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეზღუდვები დაუწესა.
კერძოდ, ასეთი მომხმარებლები 300 ევროზე მეტი შესყიდვისთვის საქართველოს ბანკის ბარათებს ვერ გამოიყენებენ.
“საქართველოს ბანკი იცავდა და იცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებს”, – აცხადებენ ბანკში.
