“ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ვერ მოხდებოდა ტრამპის დასტურის გარეშე,” – ასე ფიქრობს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი და ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს:
„პირველ რიგში, ამის მიზეზია “ტრანზიციის გუნდის” არსებობა, რომელიც ადმინისტრაციის შეცვლამდე გადაწყვეტილებებს ათანხმებს მომავალ პრეზიდენტთან.
მეორე – გუშინდელი სენატორების ვილსონის და რიშის გამაფრთხილებელი ტვიტები, რომლებშიც ტრამპი იყო დათაგული. მესამე – მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ სანქციების მოხსნას როგორც წესი, კონგრესის ორივე პალატასთან კონსულტაციები ესაჭიროება, ასევე ეკითხებიან აზრს საერთაშორისო პარტნიორებს. ამიტომ ამ სანქციების მოხსნის შანსი ადმინისტრაციის ცვლილების გამო, ძალიან მცირეა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თავად სანქციები ჯერჯერობით დაუწესდა მხოლოდ პერსონალურად ივანიშვილს, მისი სახელით განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებს და მასზე პირადად გაფორმებულ ქონებას. თუმცა ის დგას ნებისმიერი მისი წილობრივი მონაწილეობით კომპანიის DSN სიაში მყისიერად შეყვანის საშიშროების წინაშე, ამიტომ აშშ-მ დაიტოვა მასზე ზეწოლის მძლავრი საშუალება.
ამის გარდა, მასთან დაკავშირებული კომპანიები დიდი სირთულეების წინაშე ისედაც აღმოჩნდებიან, რადგან ბანკები ფრთხილ დამოკიდებულებას აირჩევენ მათთან ურთიერთობებში. შეეზღუდებათ ბანკებში კრედიტებზე ეფექტური წვდომა, რეპუტაციული ზიანი და მყისიერი საფრთხე, რომ ნებისმიერ მომენტში სანქციები გავრცელდება მის ნათესავებზეც.
ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ 1.3 მლრდ დოლარი, რომელიც მას მისაღები აქვს ორი შვეიცარიული ბანკისგან, შეუძლია მხოლოდ დაიბრუნოს, თუ აშშ-ს ხაზინა ამ ტრანზაქციას დაუშვებს. ასე რომ, ამ თანხის ბედი ახლა მართლა აშშ-ს ხელშია.
მოკლედ, ივანიშვილი, რომელიც სანქციების კომიტეტის განცხადების მიხედვით მოქმედებდა საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის კარნახით, ახლა, სავარაუდოდ, გადაიქცევა “დასავლეთიდან მართვად აგენტად”, მისი ხელის ბიჭების ენით რომ ვთქვათ“, – წერს კახა გოგოლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.
განცხადების თანახმად, “როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება.
შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს”, – წერს სოციალურ ქსელში კახა გოგოლაშვილი.