ივანიშვილის დაბადების დღის აქციაზე კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

პროევროპული აქციების 83-ე დღეს, TV პირველის ოპერატორის გარდა, კიდევ ერთი მოქალაქე, სერგო მარიამიძე დააკავეს.
მისი ახლობელი, ზვიად მარიამიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაკავების საფუძველი ფეიერვერკის მსროლელი ბიჭისთვის ხელის გადახვევა გახდა.
“აქციიდან ვბრუნდებოდით მე და ჩემი მეგობარი, ათონელზე გაგვაჩერა პოლიციამ, 20 წუთიანი იდენტიფიცირების შემდეგ, მე გამომიშვეს და სერგო მარიამიძე გადაიყვანეს. ზაჰესში გადაუყვანიათ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, ხელი გადახვია ფეიერვერკის მსროლელ ნიღბიან ბიჭს (რომელსაც არ იცნობდა) ესაა მიზეზი”, – წერს ზვიად მარიამიძე.
მისივე ინფორმაციით, ის დაკავებული მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და თქვა, რომ ის თავს კარგად გრძნობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მარიამიძე ადმინისტრაციული წესით, 173 – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა – და 174 პრიმა – შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევა – მუხლებითაა დაკავებული.
გუშინდელ აქციაზე დააკავეს TV პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ის აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც 10-მდე შავებში ჩაცმული ადამიანი აედევნა და ძალის გამოყენებით წაიყვანა.
“რაღაცას მიდებენ ჯიბეში”- ამბობს ლაშა ჯიოშვილი დაკავებისას მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოში.
ჯაოშვილი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, “ხალხმა, ხმაურმა, მედიამ, სწრაფმა რეაგირებამ გადაგვარჩინა რომ ის არ არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი”.
თუმცა, მისივე ინფორმაციით, ჯაოშვილს:
· უფლებები არ გააცნეს.
· სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა რატომ იყო დაკავებული და ვის მიერ.
· არ დაარეკინეს ადვოკატთან ან/და ოჯახთან.
· მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა.
· სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა ოქმში რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა.
· დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ არ აწვდიდა ინფორმაციას ჯაოშვილის ადგილმდებარეობაზე მაშინ, როცა ის დაკავების შემდეგ პირდაპირ მუხიანის სამმართველოში მიიყვანეს.