10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია, – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ დეკემბრის ბოლოს ვირუსების საერთო განაწილებიდან გრიპის ხვედრითი წილი 25% იყო, ახლა 60%-ს მიაღწია.
„გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი მატულობს. იანვარი გრიპის ვირუსის მატების თვალსაზრისით გამორჩეული იყო. თუ დეკემბრის ბოლოს გრიპის ხვედრითი წილი იყო 25%, ახლა 60%-ს მიაღწია. ვირუსების საერთო განაწილებიდან 60%-ში გრიპი ფიქსირდება. ეს ნიშნავს რომ 10 ადამიანიდან, რომელსაც ხველა, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და მაღალი ტემპერატურა აქვს, სავარაუდოდ, 6 გრიპით ინფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ ახლა, ინფიცირების მატების ფონზე გრიპი გავრცელების მიხედვით მაქსიმალურ ციფრზეა“,- აღნიშნა ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაციით, გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც და იაშვილის კლინიკაში 25-საწოლიანი დეპარტამენტი დაამატეს.
„მკვეთრად არის გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იაშვილის კლინიკაში. ერთი დეპარტამენტი მთლიანად დავუმატეთ ჩვენს სტრუქტურულ შემადგენლობას, 25 საწოლი საკმარისი არ აღმოჩნდა. კიდევ ერთი, 25-საწოლიანი დეპარტამენტი გამოვათავისუფლეთ ბავშვების მისაღებად. გრიპი მძიმე მიმდინარეობის გამო, კლინიკაში უნდა იყოს მართული. ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა გრიპით გარდაცვალების შემთხვევა“,-აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაჰოლდინგ კვირაში“.