მეტაპნევმოვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება – შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს მეტაპნევმოვირუსი გადატანილი აქვს – არანაირი საფუძველი, რომ ეს ვირუსი განვიხილოთ როგორც მორიგი პანდემიური ვირუსი, არ არის, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველკვირეულად ითვლიან მეტაპნევმოვირუსის დადასტურებულ შემთხვევებს, რომლის თანახმად წინა კვირას ამ ვირუსის 2 ფაქტი დადასტურდა.
რაც შეეხება ვირუსის მიმდინარეობს, ჩხაიძის განმარტებით, მეტაპნევმოვირუსს მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში და ასევე, იმ ადამიანებში, რომელთაც ფილტვი ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან ბრონქული ასთმა აქვთ. რაც შეეხება 5-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მეტაპნევმოვირუსი მხოლოდ გაციების სიმპტომებით ვლინდება.
„ზუსტად 5 წლის წინ, 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა ჩინეთში მანამდე უცნობი ვირუსი, რომელმაც შემდეგ პანდემიას დაუდო საფუძველი. შესაბამისად, ბევრი რეაქცია, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში სწორედ ამ 5-წლიანი ინტერვალის აქცენტირებით იყო და იყო კითხვა, ხომ არ არის ეს მეტაპნევმოვირუსი ახალი პანდემიის დასაწყისი და ხომ არ არის ეს ვირუსი ისეთივე საშიშროების, როგორც კორონავირუსი. არანაირი შედარება ამ ვირუსებს შორის, ამ თვალსაზრისით არ შეიძლება, მარტივი მიზეზის გამო – კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი არ ჰქონდა არავის. ის იყო სრულიად ახალი ვირუსი, რომელიც ყველა იმ ადამიანში, ვისთანაც პირველი შეხება ჰქონდა, იწვევდა კლინიკურად გამოვლენილ დაავადებას. მეტაპნევმოვირუსი სრულიად განსხვავებულია. ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული, განსაკუთრებით ბავშვებში და ერთ-ერთი დიდ კვლევაში ნაჩვენებია, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ ვირუსის გადატანის მაჩვენებელი 99%-ზე მეტია. იგივეა საქართველოზეც. შეგიძლია ჩათვალოთ, რომ საქართველოში ყველა ბავშვს ეს ვირუსი გადატანილი აქვს. შესაბამისად, ბავშვებში იმუნიტეტი არსებობს. ეს იმუნიტეტი სიცოცხლის ბოლომდე არაა, მაგრამ საქართველოს პედიატრიული მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, 5 წლამდე ბავშვების 99%-ზე მეტს ეს ვირუსი გადატანილი აქვს. შესაბამისად, მათ აქვთ გამომუშავებული გარკვეული მდგრადობა ამ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში. მეტაპნევმოვირუსი საქართველოში მუდმივად ფიქსირდება – ის ფუფუნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ლუგარის ლაბორატორიის სახით, საშუალებას გვაძლევს, მკაცრი მონიტორინგი გვქონდეს არა მხოლოდ გრიპზე, არამედ მეტაპნევმოვირუსზე. იაშვილი წარმოადგენს ლუგარის ბაზას და შემიძლია გითხრათ, რომ ყოველკვირეულად გვაქვს მონაცემები, რამდენია ქვეყანაში ამ ვირუსების რაოდენობა. 50-ე კვირას 6% იყო -შედარებით მაღალი. ბოლო მონაცემებით 1%-ია დადასტურებულ შემთხვევებში. წინ კვირაში გვქონდა 2 შემთხვევა მეტაპნევმოვირუსის, ერთი იყო ფილტვების ანთებით გართულებული.
მნიშვნელოვანია, არის თუ არა ეს ვირუსი მძიმე დაავადების გამომწვევი. ეს ვირუსი ძირითადად იწვევს გაციების მსგავს სიმპტომატიკას. ამ ვირუსს მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში და ასევე, იმ ადამიანებში, რომელთაც ფილტვი ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან ბრონქული ასთმა აქვთ. ამიტომ 5-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შეუძლია გამოიწვიოს მხოლოდ გაციება – ცხვირიდან გამონადები, ხველა, დაბალი ტემპერატურა და არა ფილტვის დაზიანება. ამიტომ ეს ვირუსი არ წარმოადგენს საფრთხეს გარდა იმ ასაკობრივი ჯგუფისა, რაც მოგახსენეთ ან იმუნო კომპრომიტირებულ პაციენტებში. შესაბამისად, საქართველოში ეს ვირუსი ფიქსირდება. ასე იყო წლების განმავლობაში. ეს ვირუსი 2021 წელსაა აღმოჩენილი და სულ რაღაც 25 წლის ისტორია აქვს, თუმცა არცერთი პერიოდი არ ყოფილა, რომ ამ ვირუსს გამოეწვიოს მძიმე დაავადებები ან სერიოზული ეპიდაფეთქებები.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კომენტარი მატებასთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი. ეს არის სეზონური მატება. მოიმატა არა მხოლოდ მეტაპონევმოვირუსმა, არამედ კორონავირუსმაც, გრიპის ვირუსმაც. ზოგადად ჩინეთს არ გამოუცხადებია საგანგებო მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. არც ჯანმო აქცევს ამას ყურადღებას და ჯანმოს კომენტარი არ გაუკეთებია, ვინაიდან არ თვლის, რომ მეტაპნევმოვირუსის მატება ჩრდილო ჩინეთში წარმოადგენს პანდემიის თვალსაზრისით საზოგადოების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულ რისკს. არანაირი საფუძველი, რომ ეს ვირუსი განვიხილოთ როგორც მორიგი პანდემიური ვირუსი, არ არის. საქართველოში ორი კვირის წინ გვქონდა უფრო მაღალი მაჩვენებელი. დაემთხვა ჩინეთში მატებაც – 16-დან 22 დეკემბრამდე იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და შემდეგ ეს ციფრი სტაბილურია. საქართველოში ამ პერიოდში იყო მომატებული. ჩინეთში მიმართვის გაზრდა მხოლოდ მეტაპნევმოვირუსით არაა გამოწვეული, თუმცა ყველაზე მეტი შემთხვევა ამ ვირუსის გამოა და ამიტომ, გარკვეული რეაგირება სოციალურ ქსელში, არსებობს. მაგრამ მაინც ლოკალური მატებაა, ჰონკონგში და მალაიზიაშია დაფიქსირებული, მაგრამ არცერთ ქვეყანაში არ არის ისეთი მატება, განსაკუთრებით სტაციონარული მიმართვის თვალსაზრისით, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი გახდეს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.