ნებისმიერ თავდასხმას ნატო-ზე მოჰყვება ერთიანი და ძლიერი პასუხი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაშია ნათქვამი.
ნატოს გენერალურმა მდივანმა წერილობით განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ნატოს მოკავშირეებს, რომლებიც, არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს.
„ნებისმიერი წინადადება იმის შესახებ, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს რისკის ქვეშ აყენებს“, – აღნიშნულია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს მოკავშირეებს, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს.
”ერთ-ერთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ადგა და განაცხადა: ”კარგი, ბატონო, თუ ჩვენ არ გადავიხდით და თავს დაგვესხმება რუსეთი, დაგვიცავთ?”, – აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ აღნიშნული ქვეყნის მეთაურს უთხრა:
„მე ვკითხე, არ გადაგიხდიათ? არა, მე არ დაგიცავთ. ფაქტობრივად, მე მათ წავახალისებდი, გააკეთონ ის, რა ჯანდაბაც უნდათ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ თქვენი გადასახადები“, – აღნიშნა ტრამპმა.