აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2 იანვარს, იემენის დროით დაახლოებით 21:30 საათზე, ირანის მარიონეტულმა ჰუსიტების დაჯგუფებამ წითელი ზღვის სამხრეთით ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტები ისროლეს.
სავაჭრო გემების ცნობებით, შედეგად დაზიანებები არ ყოფილა, რადგან რაკეტები მათ მიმდებარედ წყალში ჩავარდა. აშშ-ს ცენტრალური სარდლობის თქმით, ეს 19 ნოემბრის შემდეგ რიგით 24-ე თავდასხმაა, რომლის სამიზნეც სავაჭრო გემები იყო.
მანამდე, 31 დეკემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს სამხედრო გემებმა, USS Gravely-იმ და USS Dwight D. Eisenhower-მა, იემენელ ჰუსიტებს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც წითელი ზღვის სამხრეთში ცურვისას კომერციულ გემ Maersk Hangzhou-ს ჰუსიტები ოთხი კატერით დაესხნენ თავს. შედეგად რამდენიმე ჰუსიტი თავდამსხმელი მოკლეს.
დღეს, 3 იანვარს, გაეროს უშიშროების საბჭო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საკითხზე შეხვედრას გამართავს, სადაც, ფრანგი დიპლომატების თქმით, წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმებსაც განიხილავენ.
ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.
წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს. წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.