ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადგილას ყოფნა ნამდვილად არ გამიხარდებოდა და თუ რაიმე სამართლებრივი ბერკეტი იარსებებდა, აუცილებლად დავრჩებოდი ციხეში – როდესაც შემოდიხარ ქართულ პოლიტიკაში, მით უმეტეს, „რუსული ოცნების“ პირობებში, გააზრებული უნდა გქონდეს, რომ ციხეში ყოფნა აუცილებლად მოგიწევს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა, რითაც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებასთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სინამდვილეში, ეს არა მიხეილ ყაველაშვილის, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.
როგორც იგორ ნარმანია აღნიშნავს, „ლელომ“ საკუთარ თავს განაჩენი მაშინ გამოუტანა, როდესაც „რუსულ სპეცოპერაციაში“, ანუ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.
„მე მათ ადგილას ნამდვილად არ გამიხარდებოდა ახლა ყოფნა და თუ რაიმე სამართლებრივი ბერკეტი იარსებებდა, აუცილებლად დავრჩებოდი ციხეში. მეორე მხრივ, ისმის ადამიანების მხრიდან გზავნილები, რომ ციხეში ყოფნა რთულია და ა.შ., მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც შემოდიხარ ქართულ პოლიტიკაში, მით უმეტეს, „რუსული ოცნების“ პირობებში, გააზრებული უნდა გქონდეს, რომ ციხეში ყოფნა აუცილებლად მოგიწევს. „ლელომ“იმთავითვე გადადგა გამოუსწორებელი ნაბიჯი საკუთარი თავისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის, როდესაც მათ დააპირებს რუსულ სპეცოპერაციაში, ე.წ. არჩევნებში შესვლა. ამიტომ არიან დღეს ამ სავალალო მდგომარეობაში, რაც ძალიან სამწუხაროა. საერთოდ არ მიხარია, რომ ერთ დროს ჩვენი პარტნიორი პოლიტიკურ პარტია, დღეს ამ საშინელ მოცემულობაშია. მათ განაჩენი გამოუტანეს საკუთარ თავს, როდესაც ისინი შევიდნენ რუსულ სპეცოპერაციაში. არც იმის მჯერა, რომ ახლა ბადრი და მამუკა გამოვლენ და რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. მათ, ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, პოლიტიკურ ბანკნოტს მოაწერეს ხელი და ისინი აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას,“ -განაცხადა ნარმანიამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ კონკურენტუნარიანი გარემო არ ადარდებს.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეს რომ აინტერესებდეს, აქამდე ყველა პოლიტპატიმარს გამოუშვებდა და საპარლამენტო არჩევნებსაც ჩანიშნავდა.
„ვინც მასთან რაიმე სახით ლმობიერ დამოკიდებულებაში არ იქნება, არ მიიღებს მის ჩატარებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, იმას არ გაათავისუფლებს, ლოგიკურია. თუ ეს ანაღვლებდა „ქართულ ოცნებას“ 2021 წელსაც გადადგამდა ამ ნაბიჯს და გამოუშვებდა მიხეილ სააკაშვილს. ეს შეეძლო 2024 წელსაც. სინამდვილეში ეს არ არის მთავარი მოტივი. „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ ანაღვლებს, რას იტყვის ევროპარლამენტი და როგორ შეაფასებს ამერიკის შეერთებული შტატები და სახელმწიფო დეპარტამენტი, მაგალითად, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გამოშვებას. ეს რომ აინტერესებდეს „რუსულ ოცნებას“ აქამდე ყველა პოლიტიკური პატიმარი გამოშვებული უნდა ჰყავდეს და საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნული უნდა ჰქონდეს,“ – აღნიშნა ნარმანიამ.
გარდა ამისა, მან გადაცემაში, 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ დღეს არგამოსვლა პირდაპირ დანაშაულია.
მისივე თქმით, საქართველოში რუსული სპეცოპერაცია ტარდება და ამას საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს.
„4 ოქტომბერი არის ბუნებრივად ისეთი დღე, როდესაც ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სპეცოპერაცია ჩანიშნა. მესმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ნიჰილისტურად იყოს განწყობილი, თუმცა 4 ოქტომბერს არგამოსვლა არის პირდაპირ დანაშაული. ამ ქვეყანაში რუსული სპეცოპერაცია ტარდება და ჩვენ რაღაცნაირად პასუხი უნდა გავცეთ და დავუპირისპიროთ „რუსულ ოცნებას“. ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი გადასარჩენი. ჩვენს გასაკეთებელს ამ ქვეყანაში ვერავინ გააკეთებს,“ – აღნიშნა მან.
მან ასევე 4 ოქტომბრის აქციაზე და „მშვიდობიან დამხობაზე“ სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოში ე.წ. პუტჩს არავინ აპირებს.
მისივე თქმით, საქართველოში მშვიდობიანი რევოლუციური ცვლილებები იქნება.
„ამ ადამიანის შეფასებები ჩემთვის, ცოტა არ იყოს, სასაცილო და კომიკურია. ამ ქვეყანაში არავინ აპირებს ე.წ. პუტჩს. ამ ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებები იქნება, აუცილებლად მშვიდობიანად. მშვიდობიანი რევოლუციის მაგალითი ჩვენ გვაქვს 2003 წელს, როდესაც ამ ქვეყანაში სისხლი არ დაღვრილა. ზუსტად ამიტომ დანიშნეს მამუკა მდინარაძე სუს-ში, რომ მაგალითად, გადაიღოს ისეთი ვიდეორგოლები, სადაც ადამიანებს შეაშინებენ. შეიძლება, მამუკა მდინარაძეს პოლიტიკაში ყოფნის მეტი გამოცდილება აქვს და უკეთესად შეასრულებს ამ საქმეს, რომ რამენაირად 4 ოქტომბრის პროცესი გააშავოს, მაგრამ ოპოზიციურ ამომრჩეველში, მათ შორის, ნეიტრალურ ამომრჩეველში, ვისაც ყელში აქვს ამოსული „რუსული ოცნება“ და აუცილებლად სჭირდება რევოლუციური ცვლილებები საკუთარი ქვეყნისთვის და საკუთარი თავისთვის, ამ კონიექტურას, რასაც სთავაზობს „რუსული ოცნება“, რომ თითქოს, სისხლისღვრა და დაპირისპირება იქნება, რა თქმა უნდა, არ დაექვემდებარება და არავინ დაიჯერებს,“ – განაცხადა ნარმანიამ.
