იგორ ნარმანია – მნიშვნელოვანია, რომ დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან ვიყოთ ძალიან ბევრნი – ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენ გადავვარდეთ ნიჰილიზმში, მაგრამ პირიქით, უფრო მეტად მოტივირებულები ვართ

მნიშვნელოვანია, რომ დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან ვიყოთ ძალიან ბევრნი – ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენ გადავვარდეთ ნიჰილიზმში, მაგრამ პირიქით, უფრო მეტად მოტივირებულები ვართ, რათა ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ და საქართველოში დავასრულოთ რუსული რეჟიმი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო სუს-ის და „ეფესბეს“ კოორდინირებული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
„ეს არჩევნები იყო სუს-ის და „ეფესბეს“ კოორდინირებული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ ამ აბსურდის აღიარებას არავინ აპირებს. ჩვენ ვხედავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაქციას, რომ ისინი არ აპირებენ აღიარონ არჩევნების შედეგები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან ვიყოთ ძალიან ბევრნი. [ბიძინა] ივანიშვილს უნდა, რომ ჩვენ გადავვარდეთ ნიჰილიზმში, ამიტომ არცერთი ჩვენგან რუსული რეჟიმის სასარგებლოდ არ უნდა გადავარდეს ნიჰილიზმში, პირიქით, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვართ უფრო მეტად მოტივირებულები, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა და დავასრულოთ რუსული რეჟიმი საქართველოში. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.
ცნობისთვის, გუშინ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს დღეს 19:00 საათზე რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდა.
„გვინდა მოგიწვიოთ 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.