დღეს, რაც გააკეთეს, არავის არ ჩაუკლავს 4 ოქტომბრის მუხტს – მოგიწოდებთ და გთხოვთ, 4 ოქტომბერს ქუჩაში ვიყოთ ძალიან ბევრნი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ სუს-თან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის მიცემის საჯაროდ დაპირებისთვის დაკავებას ეხმაურება.
იგორ ნარმანიას განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის დაკავება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს აქვს პარანოიკული შიში და ბოლო ჟამი“.
„ეს არის ე.წ. ხელისუფლების პარანოიკული შიში, ეს არის ბიძინა ივანიშვილის შიში, რაც გამოავლინა დღეს მამუკა მდინარაძემ. დღეს, რაც გააკეთეს, არავის არ ჩაუკლავს 4 ოქტომბრის მუხტს. მოვუწოდებ პირველ რიგში ჩემს თანატოლებს, ვინც ახლა ტელევიზორებთან სხედხართ, ეს ქვეყანა არის ჩვენი გადასარჩენი, ეს დროშა არის ჩვენი ასაწევი და 4 ოქტომბერს უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი იმიტომ, რომ ჩვენი თანატოლები, ჩვენი თანამებრძოლები არ ჩარჩნენ ციხეებში. ლევან ხაბეიშვილის დაკავება დღეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს აქვს პარანოიკული შიში და ბოლო ჟამი, რომელიცა უცილებლად დასრულდება და დაასრულებს აუცილებლად კრახით.
მოგიწოდებთ და გთხოვთ, 4 ოქტომბერს ვიყოთ ძალიან ბევრნი ქუჩაში. მთავარი, დიდი მობილიზება თბილისის ქუჩებში, გაბრაზებული ხალხის მასობრივი დემონსტრაცია უნდა იყოს და ეს უნდა განვახორციელოთ 4 ოქტომბერს, რომელიც აუცილებლად დასრულდება ბიძინა ივანიშვილის დამარცხებით. არ შევშინდეთ, არ გავტყდეთ, კიდევ უფრო გავბრაზდეთ და კიდევ უფრო მეტნი გამოვიდეთ გასაპროტესტებლად იმიტომ,რომ ჩვენ არ გვყავს ციხეში ჩასატოვებელი ჩვენი თანამებრძოლები და არ გვაქვს დასაკარგი სამშობლო“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.
