იგორ გიორგაძე: ურთიერთობის აღდგენა უნდა დაიწყოს აფხაზი და ოსი ერებისადმი ბოდიშის მოხდით

ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიხედოს ყველაზე მტკივნეული პრობლემის გადაჭრას, რომელიც ჩვენს წინაშე დღის წესრიგშია – ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებისა და გაერთიანების პრობლემა. საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მომავლის ამ საბედისწერო საკითხთან დაკავშირებით უნდა გამოვმდინარეობდეთ ორი მთავარი დანასკვიდან.

პირველ რიგში იქედან, რომ რაც ქართველ ხალხს დაემართა ბოლო რამდენიმე ათწლეულში, ჯერ კიდევ პერესტროიკიდან დაწყებული, და პირველ რიგში, ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური ომების გაჩაღებაში დამნაშავეები არიან არა რუსები, არა აფხაზები, არა ოსები, არა ამერიკელები, ან ვინმე სხვა. დამნაშავეები ვართ მხოლოდ ჩვენ, ქართველები. უფრო სწორად კი ჩვენი ე.წ. პოლიტიკური ელიტა, რომელმაც ჩვენს ძმებთან სისხლიანი ომისკენ გვიბიძგა.

მეორე რიგში კი, უნდა გაქრეს ილუზია, თითქოს საკმარისია კრემლმა აფხაზებსა და ოსებს უბრძანოს, რომ საქართველოს დაუბრუნდნენ და პრობლემა მომენტალურად მოგვარდება. მე არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ, რომ დე იურედ, ნაწილობრივ აღიარებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის აღდგენა, არის ძალიან რთული პროცესი, რომელიც საჭიროებს ძალიან სკრუპულოზურ, ამტან და სენსიტიურ მიდგომას. და ის უნდა დაიწყოს ჩვენ, სრულიად საქართველოს მიერ ღვთის წინაშე მონანიებითა და აფხაზი და ოსი ერებისადმი ბოდიშის მოხდით.

ამბობს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) ყოფილი თანამშრომელი, 1993-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი და ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული იგორ გიორგაძე საკუთარ YouTube არხზე ავრცელებს ვიდეოში. 2024 წლის 14 სექტემბერს, გორში ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების მხარდამჭერების წინაშე თქვა: “ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”

წყარო