იგეგმება თუ არა მტკვარი ჰესის გაყიდვა და როდის დასრულდება მშენებლობა?

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე, მტკვარი ჰესის პროექტის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, მშენებლობის დასრულების პარალელურად მტკვარი ჰესის გაყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც თანაინვესტირების ფონდში გვითხრეს, სხვადასხვა პროექტებზე ინვესტორებთან მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულად მტკვარი ჰესით დაინტერესებული ინვესტორი არსებობს თუ არა ამ ეტაპზე, ეს საკითხი კონფიდენციალურია და შეთანხმების დასრულებამდე ვერ გასაჯაროვდება.
„დაფუძნების დღიდან, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის არსიდან გამომდინარე, ფონდს საშუალება აქვს შეინარჩუნებს საკუთრების ინტერესი კომპანიებში გარკვეული ვადით ან გაასხვისოს კომპანიის საინვესტიციო წილი, სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით.
შესაბამისად, სხვადასხვა პროექტებზე ინვესტორებთან მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა ეს საკითხი კონფიდენციალურია და შეთანხმების მიღწევამდე ვერ გავასაჯაროებთ“, – აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.
ფონდის ინფორმაციით, ამჟამად მტკვარი ჰესის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტის ინვესტიცია კი 236 მლნ დოლარია.
„საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე ხორციელდება მტკვარი ჰესის პროექტის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე54.1 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 259.8 მლნ კვტ.სთ. მტკვარი ჰესის მშენებლობის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი ეტაპი 2020 წლის თებერვლის თვის დასაწყისში შესრულდა, რაც გულისხმობდა Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაციის დასრულებას (გვირაბის სიგრძე 9,6 კმ. ხოლო ექსკავაციის დიამეტრი 6 მეტრი). ამჟამად, მიმდინარეობს მშენებლობის დასკვნითი სამუშაოები. პროექტის დასრულება 2024 წლის ბოლოს იგეგმება“, – აღნიშნავენ ფონდში.
თანაინვესტირების ფონდმა მტკვარი ჰესი 2014 წელს შეიძინა და მრავალწლიანი გაჩერებული სამშენებლო სამუშაოები განაახლა. „მტკვარი ჰესის“ პროექტს 2009-2014 წლებში სააქციო საზოგადოება „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა“ ახორციელებდა, რომლისგანაც შემდგომში „თანაინვესტირების ფონდმა“ სადგურის 100% გამოისყიდა.