იაფი მუშახელი – არალეგალების დასაქმების რა საფრთხეეები იკვეთება
უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში, ძირითადად, არალეგალურად საქმიანობენ. ქართულ ბაზარზე ისინი მეტწილად იაფი მუშახელი არიან, რის გამოც ადგილობრივებს მათთან კონკურენცია უჭირთ. იმიგრანტების ნაწილი რეგისტრაციის გარეშე საქმდება და ჩვენს მოქალაქეებს შრომით ბაზარზე სერიოზულ პრობლემებს უქმნიან. შექმნილი უკონტროლო სიტუაციის გამო დასაქმებულებს პროტესტი არაერთხელ გამოუხატავთ, მაგრამ სამწუხაროდ, სურათი კვლავ საგანგაშოა.
სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ თუ სახელმწიფოს მხრიდან, საკანონმდებლო დონეზე, სერიოზული ზომების გატარება არ მოხდა, გაცილებით მეტი საფრთხე შეგვექმნება. ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფი დემოგრაფიული ფონი, კიდევ უფრო დამძიმდება და ა.შ.
საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ზვიად ტომარაძემ ,,რეზონანასთან” სუბრისას ცალსახად აღნიშნა, რომ იმიგრანტთა არალეგალური დასაქმების აღსაკვეთად აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება და აღსრულება.
,,იმიგრანტების დასაქმების საკითხი სახელმწიფოს მხრიდან უნდა რეგულირდებოდეს. სამწუხაროდ, წლებია თემა მოუგვარებელია. ჩვენთან იმიგრანტები ადვილად საქმდებიან. მათ ყველგან ვაწყდებით, ტაქსისტებად, კურიერებად, “გლოვოს” თანამშრომლებად და ა.შ. აუცილებელია სახელმწიფომ კანონმდებლობაში ცვლილებები შესატანოს. ქვეყანაში უკვე იმდენი უცხოეთის მოქალაქე დასაქმდა, რომ ჩვენები ულუკმაპუროდ რჩებიან. აუცილებელია, სახელმწიფომ მიიღოს ზომები. შექმნას და აღასრულოს კანონმდებლობა არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად.
ჩვენ ვერ შევედრებით მრავალმილიონიან ქვეყნებს, რომლებსაც არც დემოგრაფიის პრობლემა უდგათ და არც ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა აწუხებთ. ამიტომაც, ანალოგის მოყვანა არასწორია. მოგეხსენებათ ევროპის ქვეყნებიც კი იბრძვიან არალეგალური ემიგრაციის წინააღმდეგ. ჩვენთვის კი მოზღვავებული იმიგრანტები დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე ვართ.
მოგეხსენებათ, საქართველოდან მოსახლეობის ყოველწლიური გადინება მზარდია. თუ აქ შემოსულ უცხოელს სასათბურე პირობები ექნება, უსასრულოდ ჩამოვლენ. ისედაც ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკა გვაქვს, აზიის ქვეყნების მოქალაქეების მიმართ. ბინების შესაძენადაც ბევრი ჩამოდის. შესაბამისად, გამორიცხული არაა ამას ქართული ეთნოსის სხვა ეთნოსით ჩანაცვლება მოჰყვეს, რაც მომავალში დიდი პრობლემას შეუქმნის ჩვენს ქვეყანას. ადვილი შესაძლებელია მომავალში ჩვენსავე ქვეყანაში უმცირესობაში დავრჩეთ და ბალანსი დაირღვეს. ამის შედეგად არაერთი ტერიტორია დაგვიკარგავს კიდეც. აუცილებელია სახელმწიფომ შესაბამისი პოლიტიკა შეიმუშაოს, თორემ მომავალში სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით”, – აღნიშნა ზვიად ტომარაძემ.
საქართველოში მყოფი არალეგალი უცხოელების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი ღონისძიებების გატარებაზე საუბრობს ბიზნესის სამართლის სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილიც.
“გადასასინჯი და სანახავია, რამდენად ლეგალურად არიან იმიგრანტები დასაქმებულნი. სახელმწიფოს ევალება იცოდეს მათ შესახებ ყველაფერი და კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებები გაატაროს. თუ იმიგრანტი ქვეყნიდან თავის დროზე არ გავიდა, გადასცეს შესაბამის უწყებას, საემიგრაციო სამსახურს.
სამწუხაროდ, სახელმწიფო თავის ფუნქციას არ ასრულებს. ამით კი სარგებლობენ კერძო კომპანიები და ასაქმებენ არალეგალებს. შრომის ინსპექციას ევალება ნახოს სად რა ხდება და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
როცა სახელმწიფო ხედავს, რომ აღშფოთებულები არიან ადგილობრივი მოქალაქეები, რომლებსაც მუშაობაში უკანონოდ კონკურენციას უწევენ და ხელს უშლიან არალეგალები, შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს. უნდა შეისწავლონ აღნიშნული საკითხები, შექმნან შესაბამისი პოლიტიკა და დოკუმენტი. გაავრცელონ ყველა იმ სამეწარმეო და არასამეწარმეო უწყებებში, რომ ამ რეგლამენტის მიხედვით მოხდეს რეგულირება და აღსრულება”, – განაცხადა ჩარგეიშვილმა.
იმიგრანტების არალეგალური დასაქმება ხელს უწყობს ქვეყანაში გადასახადების დამალვას, ეკონომიკისადმი ზიანის მიყენებას. ამიტომაც, ეს არის არაკონკურენტულობა, რომელსაც სახელმწიფო ნებით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს.
“არალეგალური შრომითი ურთიერთობები, პირდაპირ ნიშნავს შავ ფულს, საბიუჯეტო შემოსავლების მიუღებლობას. შესაბამისად, ეს ერთიანობაში კრიმინალია. ასეთი დასაქმება ხელს უშლის სწორ საგადასახადო აღრიცხვას და შემოსავლების მობილიზებას ბიუჯეტში. შესაბამისად ეს ფული ტრიალებს შავ ბაზარზე და რეალურად, სახელმწიფო ამ მიმართულებით ხელს უწყობს არაკონკურენტულობას. ცხადია, ეს ეხება ეკონომიკას, შემოსავლებს, ოჯახებს, ადამიანებს.
შრომის ინსპექცია მივიდა და შეამოწმა კონკრეტული ფაქტები, მაგრამ სანამ დასაქმდებოდნენ ეს პირები, მანამდე რამდენი ზღუდეა გასავლელი. თავის დროზე, შესაბამისმა უწყებებმა ქვეყანაში იმიგრანტების კანონიერი ყოფნის საკითხი არ შეისწავლეს. ყველამ თავისი საქმე კეთილსინდისიერად რომ აკეთოს, ამ კონკრეტული კუთხით პრობლემებიც არ გვექნებოდა”, – განაცხადა ჩარგეიშვილმა და დასძინა, რომ ანალოგიურ მდგომარეობაშია საზღვარგარეთ მყოფი მილიონნახევარი ქართველი. ისინი უცხო ქვეყანაში ეძებენ სამსახურს, მაგრამ იქ ისეთი პირობებია შექმნილი, რომ ცდილობენ ლეგალურად დასაქმდნენ. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამაც ისეთი პირობები უნდა შეუქმნას შემოსულებს, რომ მათ ლეგალური დასაქმების სურვილი ჰქონდეთ.
დღევანდელი მონაცემებით, შრომითი მიგრაციის მონაცემთა სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში 38 117 იმიგრანტია რეგისტრირებული. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ნატო ნათენაძის ინფორმაციით, კომპანიების მხრიდან იმიგრანტის რეგისტრაციის განუხორციელებლობა დაჯარიმებას ითვალისწინებს. აღნიშნული რეგულაციის აღსრულების ინსპექტირების შედეგები კი ასეთია – შრომის ინსპექციამ ადგილობრივი დამსაქმებლებისგან ინსპექტირება 150-მდე კომპანიაში განახორციელა, საიდანაც დარღვევა 91-ს გამოუვლინდა.
წყარო: რეზონანსი
