გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესსპიკერის, კირა იარმიშის თქმით, გამომძიებლებმა ნავალნის დედას, ლიუდმილა ნავალნაიას ულტიმატუმი წარუდგინეს: ან საიდუმლო ვითარებაში, ცერემონიის გარეშე შვილის დასაფლავებას დათანხმდება ან ალექსეის კოლონიის ტერიტორიაზე დაკრძალავენ.
როგორც იარმიში სოციალურ ქსელში წერს, ნავალნაიას გადაწყვეტილების მისაღებად სამი საათი მისცეს. მისივე თქმით, ნავალნის დედამ უარი თქვა საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებთან მოლაპარაკებაზე და მოითხოვა, რომ კანონის თანახმად, შვილის ცხედარი ოჯახს სიკვდილის მიზეზის ოფიციალურად დადგენიდან ორ დღეში, ანუ ხვალამდე გადაეცეს.
“ერთი საათის წინ გამომძიებელმა ალექსეის დედას დაურეკა და ულტიმატუმი წარუდგინა – ან ის დათანხმდება საიდუმლო ვითარებაში უცერემონიოდ დაკრძალვას 3 საათის ვადაში ან ალექსეის კოლონიაში დაკრძალავენ. მან უარი თქვა საგამოძიებო კომიტეტთან მოლაპარაკებაზე, რადგან მათ არ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, როგორ და სად უნდა დაკრძალონ მისი შვილი”. – წერს იარმიში.
ლიუდმილა ნავალნაიამ შვილის ცხედარი გუშინ, 22 თებერვალს ქალაქ სალეხარდში ნახა. როგორც იგი ამბობდა, გამომძიებლები მას აშანტაჟებენ, რათა რუსი ოპოზიციონერი ფარულად დაასაფლავონ.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკლეს. ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, თქვა, რომ ის ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ალექსეი ნავალნის მკვლელობა 2020 წელს, საწამლავი ნოვიჩოკით სცადეს, როცა ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა ომსკის საავადმყოფოში დარეგულირდა, ოპოზიციონერმა მკურნალობა გერმანიაში გააგრძელა. მკურნალობის შემდეგ, 2021 წლის 17 იანვარს ნავალნი რუსეთში დაბრუნდა. ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის “ივ როშეს” საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს.
2022 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ ალექსი ნავალნი დამნაშავედ ცნო კიდევ ორ საქმეში, რომელიც მას თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ოპოზიციონერს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს და 1.2 მილიარდი რუბლის გადახდა დააკისრეს.
2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია “ივ როშე”, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.