იაპონურ ხის ბაყაყში კიბოს საწინააღმდეგო უმძლავრესი საშუალება აღმოაჩინეს

მეცნიერებმა კიბოსთან ბრძოლის ახალი, იმედისმომცემი მიდგომა აღმოაჩინეს იაპონური ხის ბაყაყის (Dryophytes japonicus) ნაწლავის ბაქტერიაში, რომლის ერთმა შტამმა თაგვებში სრულად შეამცირა სიმსივნეები ყოველგვარი მწვავე გვერდითი ეფექტების გარეშე.
შექმნეს ცხვირის წვეთები, რომელიც თავის ტვინის ყველაზე აგრესიულ კიბოს ებრძვის — #1tvმეცნიერება
მსგავსი: შექმნეს ცხვირის წვეთები, რომელიც თავის ტვინის ყველაზე აგრესიულ კიბოს ებრძვის — #1tvმეცნიერება
აღმოჩენა შემთხვევითი არ ყოფილა. ცნობილია, რომ ამფიბიებსა და ქვეწარმავლებს კიბო იშვიათად ემართებათ და ამიტომ, იაპონიის მოწინავე მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევრებს სურდათ, ენახათ, ექნებოდა თუ არა კიბოს საწინააღმდეგო ეფექტები ბაყაყებიდან თაგვებში გადატანილ ნაწლავის ბაქტერიებს.
ტესტირებისთვის მკვლევრებმა ჯამში 45 სხვადასხვა ბაქტერიული შტამი აიღეს ბაყაყებიდან, ტრიტონებიდან და ხვლიკებიდან. მათგან ცხრა შტამმა კიბოსთან ბრძოლის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აჩვენა.
ყველაზე შთამბეჭდავი იყო ბაყაყის ბაქტერია Ewingella americana.
„აღმოჩენა მიუთითებს, რომ დაბალი ხერხემლიანების ნაწლავის მიკრობიომი შეიცავს მრავალ დაუხასიათებელ ბაქტერიულ სახეობას განსაკუთრებული თერაპიული პოტენციალით“, — წერენ მკვლევრები.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა შტამებმა კიბოს საწინააღმდეგო ხანმოკლე ეფექტები აჩვენა, E. americana-ს ერთმა დოზამ თაგვებში სიმსივნეები არა მხოლოდ ზომაში შეამცირა, არამედ სრულად გააქრო.
შექმნეს ვაქცინა, რომელმაც თაგვებში მრავალი სხვადასხვა ტიპის კიბოს პრევენცია მოახდინა — #1tvმეცნიერება
მსგავსი: შექმნეს ვაქცინა, რომელმაც თაგვებში მრავალი სხვადასხვა ტიპის კიბოს პრევენცია მოახდინა — #1tvმეცნიერება
გარდა ამისა, როცა E. americana-თი დამუშავებულ თაგვებში კიბოს უჯრედები ხელახლა შეიყვანეს 30 დღის შემდეგ, მომდევნო თვეში კიბო ვეღარ განვითარდა.
შემდეგმა ანალიზებმა ცხადყო, რომ E. americana ორი გზით მოქმედებს: თავს ესხმის სიმსივნის ქსოვილს და ამავდროულად, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს, დამატებით დახმარებას უწევს T-ლიმფოციტებს, B-ლიმფოციტებსა და ნეიტროფილებს — იმუნური სისტემის მთავარ მებრძოლებს.
მკვლევართა აზრით, E. americana-ს ეფექტიანობა მდგომარეობს იმ გზაში, რომლითაც ის ჩამოყალიბდა მწირი ჟანგბადის შემცველ გარემოში გადასარჩენად (როგორც არის სიმსივნები), რომელიც როგორც წესი, იმუნურ უჯრედებს თრგუნავს და ამცირებს ქიმიოთერაპიული პრეპარატების ეფექტიანობას.
ცხოველებზე ჩატარებულ პირველად ცდებზე დაყრდნობით, E. americana სრულიად უსაფრთხო ჩანს. ბაქტერიები სწრაფად გამოიდევნა თაგვების სისხლის მიმოქცევის სისტემიდან, არ გამოუწვევია რაიმე ხანგრძლივი ტოქსიკურობა და გავლენა არ ჰქონია ჯანმრთელ ორგანოებზე.
ამავე დროს, E. americana-ს ინექციები თაგვებში კიბოს შემცირებაში იმაზე მეტად ეფექტიანი აღმოჩნდა, ვიდრე რამდენიმე ამჟამინდელი პრეპარატი, მათ შორის, ქიმიოთერაპიული პრეპარატი დოქსორუბიცინი.
„ასეთი შედეგები მიუთითებს, რომ E. americana წარმოადგენს იმედისმომცემ თერაპიულ კანდიდატს მიღებული უსაფრთხოების პროფილით, რომელიც თავსებადია პოტენციურ კლინიკურ განვითარებასთან“, — წერენ მკვლევრები.
კლინიკურ ცდებში, ჰერპესის გენმოდიფიცირებულმა ვირუსმა ძლიერი ეფექტი აჩვენა შორს წასული მელანომის წინააღმდეგ — #1tvმეცნიერება
მსგავსი: კლინიკურ ცდებში, ჰერპესის გენმოდიფიცირებულმა ვირუსმა ძლიერი ეფექტი აჩვენა შორს წასული მელანომის წინააღმდეგ — #1tvმეცნიერება
ჯერ ძალიან ადრეა და კიდევ ბევრი ცდაა საჭირო, რათა ვნახოთ, განმეორდება თუ არა ცხოველებში მიღწეული შედეგები ადამიანებშიც.
მკვლევრებს ასევე სურთ, რომ E. americana ცხოველებში სხვა ტიპის კიბოებშიც დატესტონ, დაადგინონ, როგორ მოქმედებს ის სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში და ექსპერიმენტულად შეამოწმონ პრეპარატის მიწოდების მეთოდები.
თუკი ბაქტერიული სამკურნალო საშუალება კლინიკურ ცდებამდე მივა, უსაფრთხოება უპირველესი საკითხი იქნება. E. americana ბაქტერიაა და მას ადამიანებში ინფექციების გამოწვევა შეუძლია. რთული იქნება იმის გარკვევა, შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ადამიანებში რაიმე მავნე ზემოქმედების გარეშე.
ამასობაში, მეცნიერები კიბოს უჯრედების გასანადგურებლად ბაქტერიების გამოყენების სხვა გზებსაც; შარდის ბუშტის კიბოს ზოგიერთ შემთხვევაში კი უკვე გამოიყენება სულ მცირე ერთი ბაქტერიული თერაპია.
დროთა განმავლობაში, ამ არსენალს შეიძლება ბაყაყები და სხვა ქვეწარმავლებიც დაემატონ და კიბოს მკურნალობის კიდევ ერთი პოტენციური წყარო შემოგვთავაზონ.
„ჩვენი კვლევა წარმოაჩენს სხვადასხვა მიკრობულ ეკოსისტემაში დამალულ უზარმაზარ გამოუყენებელ პოტენციალს და ხაზს უსვამს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის ძალისხმევის მნიშვნელობას მოწინავე სამედიცინო მეცნიერებასა და თერაპიულ ინოვაციებში“, — ასკვნიან მკვლევრები.
კვლევა Gut Microbes-ში გამოქვეყნდა.
წყარო: ScienceAlert, 1 არხი