იაპონური გამოცემა Shūkan Bunshun სტატიას ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟზე, უტა ივანიშვილზე აქვეყნებს და წერს, რომ “პროპუტინისტი დიქტატორის უფროსი ვაჟი იაპონიაში შენიშნეს”. აღნიშნული სტატიის სრული ვერსია სტუდია მონიტორმა თარგმნა.
სტატიაში ნათქვამია, რომ უტა ივანიშვილი და საქართველოს ელჩი იაპონიაში, თემურ ლეჟავა ერთმანეთს რესტორანში შეხვდნენ და ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, დამშვიდობებისას, პიჯაკში ჩაცმულმა მამაკაცმა მას დიდი შავი ჩანთა გადასცა და ქართულად უთხრა:”აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება”.
“პიჯაკში ჩაცმული კაცი გახლდათ საქართველოს ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა, ხოლო პიროვნება, რომლის ვინაობაც უცნობი იყო, აღმოჩნდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი”, – წერია იაპონური მედიის სტატიაში.
Shūkan Bunshun-ის ცნობით, უტა ივანიშვილი ამჟამად იაპონიაში იმყოფება. ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა გასულ წელს ტოკიოს ცენტრში შეიძინა ელიტარული ბინა კომპლექსში.
“ბინა მდებარეობს ტოკიოში, მთავარ ადგილას, ძვირადღირებული საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე და დაახლოებით 115 კვადრატული მეტრია. რეგისტრაციის მიხედვით, ა-მ, რომელიც ტოკიოში სხვა ძვირადღირებულ რეზიდენციაში ცხოვრობდა, ქონება სესხის გარეშე წინა წლის 27 ივნისს იყიდა”, – წერს გამოცემა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/zj7slqcklwiatbd-0EyF1d-300x205.jpeg)