იაპონიის მმართველმა კოალიციამ, კვირას გამართული არჩევნების შედეგად, ქვეყნის ზედა პალატაში უმრავლესობა დაკარგა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში საკმაოდ დაძაბული არჩევნები ჩატარდა „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისა“ და მისი პარტნიორის, „კომეიტოს“, კოალიციის მიმართ იმედგაცრუების ფონზე, რაც ფასების ზრდამ და აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესების საფრთხემ გამოიწვია.
კვირას გამართულ არჩევნებზე კენჭისყრა ზედა პალატის ადგილების ნახევარზე გაიმართა. მმართველ კოალიციას 248 ადგილიანი ზედა პალატის კონტროლის შესანარჩუნებლად 50 ადგილი სჭირდებოდა. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK-ის ცნობით, 47-48 ადგილი მოიპოვა.
არჩევნების შედეგების მიუხედავად, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ გეგმავს.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აღიარებს „მკაცრ შედეგს“, თუმცა მისი ყურადღება სავაჭრო მოლაპარაკებებზეა ფოკუსირებული.
BBC-ი წერს, რომ იაპონიის ქვედა პალატაში უმრავლესობის დაკარგვა კოალიციის გავლენას შეარყევს.
