იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ახალი პაკეტი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, საიდანაც ერთი მილიარდი დოლარი ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაიხარჯება. კიშიდამ ამის შესახებ ტოკიოში გამართულ დიდი შვიდეულის (G7) სამიტზე ისაუბრა.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დახმარების პაკეტის 3.5 მილიარდი დოლარი მოიცავს მსოფლიო ბანკის მიერ უკრაინისთვის გაცემული სესხების საკრედიტო გარანტიების დაფინანსებას.
“ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უკრაინისა და ჩვენი ეკონომიკის აღდგენისთვის, იაპონია მტკიცედ დგას უკრაინისა და ჩვენი ხალხის გვერდით. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა საერთო გამარჯვებას მალე მივაღწიოთ”. – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე, ყოფილ Twitter-ზე.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ იაპონიამ უკრაინას 7 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია.
ამასთან, იაპონიაში უკრაინის ელჩმა იაპონიაში სერგი კორსუნსკიმ თქვა, რომ იაპონიასთან განიხილავენ იაპონური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისა და ანტისადრონო აღჭურვილობის შესაძლო მიწოდებას.
გასულ დღეს, 7 დეკემბერს დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნები რუსული ბრილიანტების იმპორტის შეზღუდვისთვის საჭირო ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ, რომელთა ძალაში შესვლა დაგეგმილია მომდევნო წლის 1-ლი მარტისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ G7-ის განცხადებაშია აღნიშნული.
“2024 წლის 1-ლი იანვრისთვის რუსეთში მოპოვებული, გადამუშავებული ან წარმოებული არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტზე შეზღუდვებს დავაწესებთ. ამას მოჰყვება ეტაპობრივი შეზღუდვა მესამე ქვეყნებში გადამუშავებული რუსული ბრილიანტების იმპორტზე. ამ შეზღუდვების სავარაუდო დაწყების თარიღია 2024 წლის 1-ლი მარტი”. – ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, 2024 წლის 1-ლი სექტემბრისთვის G7-ის ქვეყნები, რომლებიც დაუმუშავებელ ბრილიანტის იმპორტიორები არიან, ამ ტიპის პროდუქციის შესამოწმებლად დამატებით მექანიზმს შემოიღებენ, მათ შორის სავალდებულო სერტიფიცირებას.