იაპონიაში განიხილავენ, რომ აშშ-ს დახმარება შესთავაზონ ალასკის შტატში $44-მილიარდიანი გაზსადენის აშენებაში, რათა ქვეყანამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კეთილგანწყობა მოიპოვოს და ამერიკასთან პოტენციური სავაჭრო უთანხმოება აირიდოს თავიდან.
გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, იაპონელი მაღალჩინოსნები მოელიან, რომ ტრამპი ხსენებული პროექტის საკითხს წამოწევს, როდესაც იგი იაპონიის პრემიერმინისტრს, შიგერუ იშიბას პირველად ვაშინგტონში შეხვდება. ტრამპს წარსულში ნათქვამი აქვს, რომ ალასკის გაზსადენის პროექტი აშშ-ს უსაფრთხოებისთვისა და კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია.
წყაროების თქმით, იაპონიაში ეჭვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაძლებელია ამ პროექტის შესრულება, რომელიც 1 300 კმ-მდე სიგრძის მილსადენის აშენებას გულისხმობს.
პროექტის მიზანი ალასკის ჩრდილოეთიდან გაზის საბადოების სამხრეთში მდებარე პორტებთან დაკავშირებაა, საიდანაც ბუნებრივ აირს თხევადად გადააქცევენ და აზიაში მომხმარებლებს მიაწოდებენ. თუმცა, წყაროების ცნობით, ეჭვების მიუხედავად, მაღალჩინოსნები მზად არიან, ტრამპთან პროექტის შესახებ შესაძლო შეთანხმება განიხილონ.