იაპონიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ მაშველებმა 90 წელს გადაცილებული ქალი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ის ორსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ იყო მოყოლილი.
გავრცელებული ცნობებით, ქალს, რომელმაც ნანგრევებში 124 საათი გაატარა, ლაპარაკი შეუძლია, თუმცა, მას ფეხები აქვს დაზიანებული. მაშველების თქმით, ქალის გადარჩენას რამდენიმე საათი მოანდომეს.
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდა. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია, სულ მცირე, 126 ადამიანი, ხოლო 200-მდე ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ადგილობრივი გაზეთის ცნობით, სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში ასამდე მაშველია ჩართული.
მიიჩნევა, რომ სტიქიური უბედურების დროს სამაშველო სამუშაოებისთვის პირველი 72 საათი გადამწყვეტია, რადგან ამ დროის გასვლის შემდეგ ადამიანების ცოცხლად პოვნის შანსი მნიშვნელოვნად მცირდება.