იაპონიის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი სანაე ტაკაიჩი. 64 წლის სანაე ტაკაიჩი იაპონიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია.
იაპონიის პარლამენტში დღეს, 21 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე ლიბერალ-დემოკრატებმა და „ინოვაციების პარტიამ“ კოალიცია შექმნეს. მანამდე, 4 ოქტომბერს ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ ახალ თავმჯდომარედ სანაე ტაკაიჩი აირჩია.
იაპონიის უმსხვილესი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია 26 წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია „კომეიტოსთან“ ერთად. სამთავრობო კოალიცია „კომეიტომ“ დატოვა მას შემდეგ, რაც ლიბერალ-დემოკრატებმა პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატორი წევრი სანაე ტაკაიჩი და არა უფრო ზომიერი კანდიდატი.
ლიბერალ-დემოკრატების მიერ „ინოვაციების პარტიასთან“ ახალი კოალიციის შექმნამ უზრუნველყო პრემიერ-მინისტრად სანაე ტაკაიჩის დამტკიცება. მას ხმა მისცა 237-მა დეპუტატმა.
თავად ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევნები მას შედეგ ჩატარდა, რაც 2025 წლის სექტემბერში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შიგერუ იშიბამ გამოაცხადა, რომ ტოვებს პარტიის თავმჯდომარის და შესაბამისად, პრემიერის თანამდებობასაც.
იაპონიის პრემიერ-მინისტრად დღეს დამტკიცებულმა სანაე ტაკაიჩიმ პოლიტიკური საქმიანობა 1990-იან წლებში დაიწყო. 1993 წელს პირველად აირჩიეს პარლამენტის წევრად, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. 1996 წელს ტაკაიჩი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. 2014 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრად. 2022 წელს იაპონიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ სანაე ტაკაიჩი დანიშნა სახელმწიფო მინისტრად ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში.
სანაე ტაკაიჩი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ კენჭს იყრიდა 2024 წლის სექტემბერშიც, თუმცა მეორე ტურში დამარცხდა შიგერუ იშიბასთან.
როგორც Associated Press-ი წერს, იაპონიაში ბევრი მიიჩნევს, რომ სანაე ტაკაიჩის პრემიერობა არ ნიშნავს გენდერული თანასწორობის საკითხებში პროგრესის მიღწევას. მაგალითად, ტაკაიჩი ეწინააღმდეგება ქორწინების შემდეგ ქალების მიერ თავიანთი გვარის შენარჩუნებას, ერთსქესიანთა ქორწინებას დ იაპონიის სამეფო ტახტის მემკვიდრეებს შორის ქალების ყოფნას.
ფორუმი
