იაპონიის მთავრობა მოსახლეობას სანაპირო ზოლიდან ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ქვეყნის დასავლეთი ცუნამის საფრთხის ქვეშ იმყოფება.
მიწისძვრა დაახლოებით 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და ის განსაკუთრებით იშიკავას სანაპიროზე იგრძნობოდა. შემდეგ საათებში კი მას 20-მდე დამატებითი ბიძგი მოჰყვა. ბევრი მათგანი სულ მცირე, 5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, იშიკავაში ცუნამის საფრთხეა. რისკი ასევე მაღალია ნიიგატასა და ტოიამას პრეფექტურებში.
სააგენტოს შეფასებით, ცუნამის ტალღებმა შესაძლოა 5 მეტრის სიმაღლესაც მიაღწიოს. ამის გამო რეგიონში ყველაზე მაღალი დონის განგაშია გამოცხადებული, როგორიც 2011 წლის მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ არ გამოცხადებულა. მაშინ ბუნებრივმა კატასტროფამ იპაონიის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონები გაანადგურა.
იშივაკაში უკვე ფიქსირდება მეტრზე მაღალი ტალღები. მეტეოროლოგები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოსალოდნელია უფრო დიდი ცუნამი და განმეორებითი ბიძგებიც. მთავრობის პრესსპიკერი ამბობს, რომ ეპიცენტრის სიახლოვეს არცერთ ატომურ ელექტროსადგურთან რაიმე სარისკო ცვლილება არ გამოვლენილა.
მიწისძვრის შედეგად ათობით ათასი მოსახლე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ეპიცენტრის სიახლოვეს დაკეტილია რამდენიმე ავტომაგისტრალი და შეწყდა სწრაფი მატარებლის მოძრაობა ტოკიოსა და იშიკავას შორის.
ცუნამის გაფრთხილება გამოაქვეყნეს რუსეთშიც, კუნძულ სახალინზე, რომელიც იაპონიის ჩრდილოეთით მდებარეობს. ცუნამი დაფიქსირდა სამხრეთ კორეის კანგუონის პროვინციაში და ჩრდილოეთ კორეის ნაწილებშიც.