იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა… ლიდერების გარეშე დარჩენილმა “დენვერმა” “ბაქსი” დაამარცხა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “დენვერ ნაგეტსმა” “მილუოკი ბაქსს” უმასპინძლა და 108:104 დაამარცხა. რეზულტატი გუნდების ლაზარეთიდან გამომდინარე მოულოდნელი იყო.
მასპინძელთა მხრიდან გუნდს ჯამალ მარი, კრისტიან ბრაუნი, ნიკოლა იოკიჩი, იონას ვალანჩუნასი და კამერონ ჯონსონი აკლდათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი შემადგენლობის 4 მოთამაშის არყოფნაში შეძლეს და “ირმების” ბარიერი წარმატებით გადალახეს. მიყვეთ სტატისტიკას…
ფაქტია, მეორე სუნთქვა გაეხსნა ტიმ ჰარდევეი ჯუნიორს, რომელმაც დღეს 25 ქულა, 2 მოხსნა და ამდენივე ჩაჭრა დააფიქსირა. სეზონის სტარტზე სკეპტიკოსების შეხედულებას კი საშუალოდ 13.8 ქულით, 2.3 მოხსნითა და 1.3 ასისტით უპასუხა.
აარონ გორდონმა 25, ხოლო პეიიტონ უოტსონმა 18 ქულა ჩააგდეს.
ზეკ ნაჯის ანგარიშზე 14 ქულა, 10 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება გახლდათ.
“ბაქსის” მხრიდან, იანის ანტეტოკუმპომ სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა. ბერძენმა სუპერვარსკვლავმა თავი 31 ქულით, 8 მოხსნით, 11 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
მაილის ტერნერმა 16 ქულა ჩააგდო, ხოლო ეიჯი გრინმა და ბობი პორტისმა – 14-14.
ამრიგად, ტრავმიანობის მიუხედავად კოლორადოელები წარმატებულ სვლას განაგრძნობენ და 26 მოგებითა და 13 წაგებით მრისხანე დასავლეთში მე-3 ადგილს იკავებენ. მომდევნო შეხვედრას 14 იანვარს, “ნიუ ორლეანს პელიკანსთან” გამართავენ.
ამის საპირისპირო სიტუაციაა “მილუოკიში”, “ირმები” 17 გამარჯვებითა და 22 მარცხით აღმოსავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან, იმავე 14 იანვარს კი “მინესოტა ტიმბერვულვზს” უმასპინძლებენ.
სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა… “რეპტორსმა” 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო