ჰოტელიერი მაიკო მურაჩაშვილი ამბობს, რომ არსებული ჯავშნები, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინის საფუძველს არ იძლევა. მან ამის შესახებ BMG-სთან განაცხადა.
მაიკო მურაჩაშვილის თქმით, პარტნიორებმა ისრაელიდან უკვე გააფრთხილეს, რომ თუ ქვეყანაში სიმშვიდე არ იქნება, სხვა მიმართულებას განიხილავენ. ჰოტელიერი აღნიშნავს, რომ არსებული ვითარება ზამთრის კურორტებზე ნაკლებად აისახა, თუმცა ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის სტაბილურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„მოლოდინები ძირითადად მაინც დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ სტაბილურობასა და სიმშვიდეზე. ჩემმა პარტნიორებმა ისრაელიდან, იმის მიუხედავად, რომ ბორტების რაოდენობა გაზრდილია და თვითონ აქვს ისრაელს მოთხოვნილი ბორტების რაოდენობის ზრდა, რომ მეტი სიხშირით იყოს ფრენები, გაგვაფრთხილეს, რომ განიხილავენ სხვა მიმართულებასაც, თუ საქართველოში ერთი თვის ვადაში სიმშვიდე არ იქნება. ზამთრის კურორტს დიდად არ შეუშალა ხელი თბილისში მიმდინარე მოვლენებმა, რადგან ზამთრის კურორტი ლოკალიზებულია და კონკრეტულად იქ უნდა ხდებოდეს რამე, რომ სტუმარი არ ჩამოვიდეს. ზაფხულის ტურისტი, რომელიც მოძრაობს ქვეყანაში, დედაქალაქიდან ბათუმამდე, მთაში, ზღვაში, აქ სტაბილურობა უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. შარშანდელთან შედარებით წინასწარი ჯავშნები ცოტა უფრო ნაკლებია. გასულ წელს, ამ პერიოდში, ორივე სასტუმროში უკვე გაკეთებული იყო ჯავშნების 40-50%. იანვრის ბოლოს ზაფხულის მოლოდინი უკვე გამოკვეთილია ხოლმე და ჯერჯერობით არც თუ ისე სახარბიელოდაა გამოკვეთილი“,- ამბობს ჰოტელიერი.